"ხატია კომუნიკაციას" დამფუძნებელს “მარკეტერი” გაესაუბრა

„ხატია კომუნიკაცია“ პიარსააგენტოა, რომელიც 2016 წლის მაისში დაარსდა და რომლის მისიაა, დაეხმაროს კომპანიებს, იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე. სააგენტოს დამფუძნებელია ხატია ოძელაშვილი, რომელმაც განათლება და გამოცდილებები საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ოტავაში, “Algonquin College“-ში მიიღო. მარკეტერი ესაუბრა ხატია ოძელაშვილს სააგენტოს ბრენდინგსა და მომსახურებაზე.

 

- კომპანიის დაარესების იდეიდან, განხორციელებამდე რა ეტაპები გაიარეთ და რა დრო დაგჭირდათ ამისთვის?
ხატია კომუნიკაცია”-ს დაარსების იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ჩემსავე გასაკვირად, ერთ მშვენიერ დღეს კანადიდან საქართველოში გადმოვბარგდი. თავდაპირველად მუშაობა დავიწყე კომპანიაში “იფქლი”, სადაც არაჩვეულებრივად მიმიღეს და ჩემი შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობები მაქსიმალურად შემიქმნეს.

 

მალევე დავიწყე მუშაობა პარალელურად “საქართველოს უნივერსიტეტში” და “კავკასიის უნივერსიტეტში”. დღესდღეობით ვასწავლი საგნებს: სტრატეგიული კომუნიკაცია, ღონისძიების მენეჯმენტი, კრიზისული კომუნიკაცია. რაც უფრო მეტი დრო დავყავი თბილისში და გავეცანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დამკვიდრებულ პრაქტიკას, მივხვდი, რომ ჩემს პიარ სააგენტოსთან ურთიერთობით ბევრი კომპანია ისარგებლებდა, თუ ასეთ სააგენტოს, რაღა თქმა უნდა, შევქმნიდი. ასე რომ, საჭიროებამ და საქმის სიყვარულმა დაბადა იდეა.

 

თუმცა, სანამ პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია” დაარსდებოდა, ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად ვფიქრობდი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებზე. ერთი წლის შემდეგ იდეა იმდენად მომწიფდა, რომ დრო იყო გადამედგა პირველი ნაბიჯები.

 

- ბრენდინგზეც თქვენთვითონვე იმუშავეთ, ალბათ, ხომ? ფერები რა პრინციპით აარჩიეთ, რას ნიშნავს ლოგოზე დატანილი ყვავილი, მოგვიყევით ყველაფერზე, რაც ბრენდინგს უკავშირდება, როგორ მიხვედით საბოლოო ვერსიამდე?
რა თქმა უნდა, ჩემი კომპანიის ბრენდინგზე, კომპანიის დიზაინერთად ერთად, თავად ვიზრუნე. მინდოდა კომპანიის ბრენდს გამოეხატა, რომ ჩვენ შთამბეჭდავ და სრულფასოვან ნამუშევრებს ვქმნით.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოსთვის ფერი და ლოგო უკვე კანადაში მქონდა შერჩეული, თუმცა საქართველოში კომპანიის სახელი შევცვალე და ის პირადად ჩემთან დავაკავშირე. ადამიანების ამბები იწვევს ცალკე ინტერესს. სულ მაინტერესებდა ედელმან ვინ იყო, როდის და როგორ დააარსა სააგენტო, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამ თამამ ნაბიჯს ყველას არ ვურჩევთ. საკმაოდ წარმატებულები ვართ “ნეიმინგში” და მუშაობის პროცესში კომპანიებისათვის ბევრ დეტალს ვითვალისწინებთ.

​​

კომპანიის მწვანე შევარჩიეთ იმის გამო, რომ ის ზრდასთან, ახალი იდეების განვითარებასთან, ჰარმონიასთან, განახლებასთან, თანამედროვეობასთან, სანდოობასთან და სიძლიერესთანაა დაკავშირებული. “ხატია კომუნიკაცია” ახალი იდეების განვითარებით კომპანიებს წინსვლაში ეხმარება, ეხმარება მათ იყვნენ საზოგადოებასთან ჰარმონიაში.

 

რაც შეეხება ლოტუსს, ის რთულ პირობებში ყვავილდება და გარემოს ალამაზებს. თეთრი ლოტუსი დაკავშირებულია დახვეწილობასთან, შემოქმედებითობასთან და პროგრესთან. ჩვენს ლოტუსს თორმეტი ფურცელი აქვს, რაც სრულყოფილობაზე მიუთითებს. პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია” ეხმარება ბიზნესებს განიცადონ პროგრესი და ჰქმნის ‘სილამაზეს’ ჩვენს გარემოში.

 

- დღემდე როგორ მოხვედით, დაარსებიდან რა სირთულეებს შეხვდით, კადრების შერჩევის, ფინანსების და ა.შ მხრივ?
როცა კომპანიას აფუძნებ, ხანდახან იდეა ისე გიყვარდება, რომ პრობლემებს ვერ ამჩნევ. ილუზიებისგან დაცული რომ ვყოფილიყავი, გადავწყვიტე ინვესტიცია არ განმეხორციელებინა. თავად წარმატებული პროექტები და მიღებული ანაზღაურება მაძლევდა წინსვლის საშუალებას. კადრების შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდები. მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ამჟამად ვართ ხუთნი და მალე კიდევ ერთი ახალი წევრი შემოგვემატება. ჩემი გუნდის წევრები არიან ჩემთვის უმთავრესი. ბიზნესი უნდა ჰქმნიდეს ხალხისათვის სიკეთეს.

 

- რა გამოგარჩევთ სხვებისგან, რატომ უნდა ავირჩიოთ „ხატია კომუნიკაცია“ და რას გვთავაზობთ მომხმარებლებს?
თუ წარმატებული სარეკლამო სააგენტოების უმეტესობა ძირითადად რეკლამების, კერძოდ კი სატელევიზიო რეკლამების დამზადებაზე მუშაობს, რაც საკმაოდ დიდ თანხებზე ადის, ჩვენ ფოკუსს თავად პიარზე ვაკეთებთ. კომუნიკაციის სფეროში ხანგრძლივმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სარეკლამო ბიუჯეტი აღემატება პიარ კამპანიის ბიუჯეტს, თუმცა შედეგების თვალსაზრისით ცნობილია, რომ რეკლამაზე მეტად სწორად განხორციელებულ პიარს აქვს ეფექტი. ჩვენ კომპანიებისათვის ხელმისაწვდომს ვხდით კანადური გამოცდილების მქონე პიარსაააგენტოსთან თანამშრომლობას და მათი კომუნიკაციის ყველა ასპექტზე ვზრუნავთ.

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ახლო მომავალში, როგორც მოგახსენეთ, ვგეგმავთ გაფართოებას და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისაგან მოველით გარდა თეორიული ცოდნისა, ახალ-ახალი ქეისების ცოდნას, შრომისმოყვარეობას და თავისი საქმის უზომო სიყვარულს. ნელ-ნელა ვწვდებით რეგიონებსაც და იქ არსებულ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ. ჩვენი პარტნიორი კომპანიების თხოვნის დასაკმაყოფილებლად, მალე გვექნება ტრენინგები სხვადასხვა თემებზე კომუნიკაციის სფეროში. შორეულ პერსპექტივაში, გეგმაში გვაქვს კანადურ კომპანიებთან თანამშრომლობა, სადაც კარგად ვიცნობ კულტურას და მაქვს მუშაობის გამოცდილება მიღებული. ჩემი გუნდი მალე მზად იქნება ამ გამოწვევისათვის, ჩვენ ამას ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული პროექტით ვამტკიცებთ. თქვენ კი გთხოვთ იყოთ ჩვენი გულშემატკივრები. მადლობა!

Please reload

Please reload

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)