top of page

სააგენტოთი "ხატია კომუნიკაცია" startup.ge დაინტერესდა


Startup.ge-ს წარმომადგენელი გაესაუბრა "ხატია კომუნიკაცია"-ს დამფუძნებელს, ხატია ოძელაშვილს. ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა 2017 წლის 22 თებერვალს.

თქვენი სტარტაპის საქმიანობის სფერო?

"ხატია კომუნიკაცია" კანადური გამოცდილების მქონე პიარ სააგენტოა. მისი მისიაა დაეხმაროს კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს თავიანთი ბრენდის შექმნაში, კომუნიკაციის გეგმის შედგენაში, სოციალური მედიის წარმოებაში და ყველა საკითხში, რასაც კომუნიკაცია მოიცავს.

როგორ გაჩნდა იდეა?

საქართველოში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი კანადიდან და მივხვდი, რომ ღირებული დახმარება შემეძლო გამეწია კომპანიებისათვის. ვამჩნევ, როგორ ზარალდებიან დღეს ბიზნესები გაუმართავი პიარისა და კომუნიკაციის გამო. სურვილი გამიჩნდა, რომ გამომესწორებინა მდგომარეობა ბაზარზე, რადგანაც პრობლემების გადაჭრა ჩემი ჰობია. ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები? პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს დამფუძნებელი გახლავართ მე.

როგორ მუშაობს ბიზნესი, როგორია პროცესი?

ყოველი დღის ბოლოს ვაწყობ მომდევნო დღის, კვირის და თვის გეგმებს. იმისათვის, რომ ჩვენი და პარტნიორების ამოცანები განვახორციელოთ, განვსაზღვრავ რა უნდა გაკეთდეს. დავალებებს ვანაწილებ ჩემი გუნდის წევრებზე და მათ უკვე დილიდან იციან რაა გასაკეთებელი. აუცილებლად ვპოულობთ დროს შესვენებისათვის. ის გვეხმარება არა მარტო განტვირთვაში, არამედ ერთმანეთისათვის საქმეებთან დაკავშირებული აზრების გაზიარებაშიც. დღის განმავლობაში ჩვენი პარტნიორების ყველა საქმეს ვაგვარებთ. დრო ისე საინტერესოდ გადის, ვერც კი ვამჩნევთ.

რამდენი ადამიანია დასაქმებული?

ჩემს სააგენტოში ამჟამად ოთხი სუპერ სპეციალისტია დასაქმებული. რასაც ისინი ერთ დღეში ასწრებენ, ბევრგან თვეების განმავლობაში ვერ ესწრება. ეს ჩემი გამოცდილებით ვიცი. ამიტომ ვამაყობ ჩემი გუნდით. დღესდღეობით განვიხილავ ჯგუფის გაზრდას და ვეძებ შრომისმოყვარეობით, ცოდნით და პოზიტიურობით გამორჩეულ სპეციალისტებს.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

საწყისი კაპიტალი იყო პირველი პროექტის ანაზღაურება და ჩემი ყოფილი სამსახურიდან ერთი თვის ხელფასის დანაზოგი. სხვადასხვა სფეროებში ცოდნა გამომადგა და ბიზნესის აწყობისას ამით ხარჯები დავზოგე. რადგან საქმეს მარტო ვუძღვები, კაპიტალის მოძიება არის ჩემთვის გადამოწმების მექანიზმი და მტკიცებულება, რომ პირველი, ეს საქმე კარგად ვიცი, მეორე, რომ ამ საქმის კეთება არის მომგებიანი და ღირს.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გააჩნია ახლო თუ შორეული მომავლის გეგმებს გულისხმობთ. ახლო მომავალში ჩვენი მიზანია, რომ თბილისში კომპანიების უმეტესობა გვიცნობდეს. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელიწადში იმდენად მოვძლიერდებით, რომ ამ სფეროში კანადაშიც შევძლებთ ბაზრის წილის ათვისებას. როგორც ახლადშექმნილ კომპანიას, გვაქვს ბევრი რამ განსახორციელებელი და მისაღწევი. ამიტომაც, საინტერესო პერიოდი სწორედ ახლა გველის.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

სამი რამ მახსენდება ამ წუთას:

  1. ვურჩევ, რომ დააფასონ თავიანთი თანამშრომლები და განსაკუთრებული მზრუნველობით მოეკიდონ თავიანთ კადრებს. არ შეეშინდეთ მათი პროფესიული და პიროვნული ზრდის, პირიქით, ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

  2. ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე, იფიქრონ გრძელვადიან გეგმებზე. მოკლევადიან წარმატებაზე გათვლილი გადაწყვეტილებები ხშირად არასასურველი შედეგების მომტანია კომპანიისათვის.

  3. იზრუნონ რეპუტაციაზე. ამაში მათ ჩვენ დავეხმარებით.

bottom of page