top of page

როგორ გამოვიყენოთ ტვიტერი გონივრულად


ტვიტერს მსოფლიოს მასშტაბით 317 მილიონი მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად, თუმცა საქართველოში ამ სოციალურმა მედიამ კარგად ვერ მოიკიდა ფეხი. ტვიტერი საშუალებას აძლევს ინფორმაციას მოწყურებულ საზოგადოებას, სწრაფად მიიღონ და გააზიარონ სიახლეები.

ტვიტერს იყენებს კანადის პრემიერმინისტრი, წარმატებით იყენებდა მას თავისი კამპანიებისათვის აშშ-ს პრეზიდენტი ობამაც. ტვიტერი ჟურნალისტებისთვის და მედია საშუალებებისთვის ყველაზე მოსახერხებელი პლათფორმაა, თუმცაღა მას იყენებს ყველა: კომპანიები, სელებრითები, მწერლები, საელჩოები, პროფესორები, პუბლიკაციები, ასოციაციები, კონფერენციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობის წევრები, სპიკერები, სხვადასხვა დარგის ლიდერები, ნასა და ა.შ.

ტვიტერზე კონტენტის რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ იძულებული ხდები სათქმელი ლაკონურად, მხოლოდ 140 სიმბოლოთი გადმოსცე. თუ ფეისბუქი მეგობრებთან ურთიერთობაში გვეხმარება, ტვიტერი კარგი საშუალებაა ჰაშთაგების მეშვეობით მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან დასაკავშირებლად. ტვიტერის დახმარებით შესაძლებელია თავად მინისტრს მისწერო, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დასვა კითხვა და თუნდაც მთვარიდან პირდაპირ ჩართვებს გაეცნო.

თავად, ტვიტერის ანგარიში შევქმენი 2008 წლის ივლისში და მას შემდეგ ეს პლათფორმა დამეხმარა პირდაპირი კავშირები დამემყარებინა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც კომუნიკაცია ყველაზე მეტად მაინტერესებდა. მახსოვს, როდესაც ჩემთვის დიდად საპატივცემულო მარგარეტ ეთვუდს პირადად მივწერე და მან პასუხი დამიბრუნა, ანდაც, როცა კანადის მინისტრთან პირადად გავარკვიე ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე რა მოსაზრება ჰქონდა, როცა ჩემთვის საყვარელმა წამყვანმა, სტივ პეიკინმა ეთერში თავის სტუმარს ჩემი გაგზავნილი კითხვა დაუსვა. ტვიტერმა ბარიერები დაამსხვრია.

ამ პლათფორმის შესაძლებლობების გააზრება დამეხმარა კანადაში წარმატებით მეწარმოებინა საქველმოქმედო ღონისძიებები და განმეხორციელებინა კომპანიების, აქციებისა და იდეების პოპულარიზაცია.

მსგავსი აღფრთოვანებით არ ვისაუბრებდი ტვიტერზე საქართველოში. ის მხოლოდ მცირე ჯგუფშია პოპულარული. თუმცა, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია უცხოელებიც არიან, ტვიტერი მათთან უშუალო კავშირის ერთერთი მოსახერხებელი გზაა. ტვიტერზე შეხვედრამდე!

bottom of page