როგორ იქმნება რიტუალი მარკეტინგში და რა შედეგები მოაქვს

როცა რიტუალზე ფიქრობთ, მარკეტინგი ალბათ არაა პირველი, რაც გახსენდებათ. წარმოიდგენდით, რომ არსებობს რიტუალები, რომელთაც მარკეტერები ქმნიან? მაგალითად, შვრიის ფაფის მირთმევა დილით ფორთოხლის წვენთან ერთად; რომელიმე ქალაქში ხურდების დატოვება ან ძეგლის აუცილებლად შეხება; შაბათ-კვირას მანქანით სადმე შორს გასეირნება. ასეთი რიტუალები, რომლებსაც რეგულარულად ასრულებთ და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ანიჭებთ, შესაძლოა კრეატიულ კომპანიებში გამოიგონეს რაიმეს გასაყიდად.
მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკული ციტრუსის მწარმოებელთა კოოპერატივი - California Fruit Growers Exchange სერიოზულ პრობლემას გადააწყდა. ფორთოხლის უხვმა მოსავალმა მისი გასაღება შეუძლებელი გახადა. ბაზარზე ფორთოხლის ფასი მკვეთრად დაეცა და ფერმერები დიდ ზარალში აღმოჩნდენ. პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ბაზრის გაფართოება იყო. კომპანიამ დასახმარებლად სარეკლამო სააგენტო Lord & Thomas-ს მიმართა.
პირველ ეტაპზე სააგენტომ კომპანიას სახელის შეცვლა ურჩია, რათა ის უფრო მარტივად დასამახსოვრებელი გამხდარიყო. საბოლოოდ "Sunkist" შეირჩა. შეიქმნა პოსტერი სლოგანით - "Drink an orange" (დალიე ფორთოხალი), რადგანაც მანამდე უმეტესობა მხოლოდ მიირთმევდა მას. “დალიე ფორთოხალი”-ს იდეას ზურგს უმაგრებდა ის ფაქტი, რომ ფორთოხალი არა მხოლოდ გემრიელი ციტრუსია, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. მომხმარებელს მოწოდების შესრულება რომ გაადვილებოდა, სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალბერტ ლასკერმა გამოიგონა ფორთოხლის საწური, რომელსაც თითოს 10 ცენტად ყიდდა. ეს ყველაფერი კი მის შემოსავალსაც ზრდიდა.
ლასკერის გენიალურმა იდეამ გაამართლა - ერთ დღეში 3 მილიონი ფორთოხლის საწური გაიყიდა. მასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა ფორთოხლის გაყიდვებიც. 1920-იანი წლებიდან ფორთოხლის წვენი ჩრდილოეთ ამერიკაში საუზმის განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეს კი უკვე ფორთოხლის წვენის საუზმეზე მირთმევა მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ყოველდღიური რიტუალია.
მარკეტინგში რიტუალების გამოყენების სანიმუშოდ გაიხსენეთ “ორეოს” რძეში ჩაწობა, “კორონას” ლაიმთან ერთად დალევა, “პანდორას” მძივების შეძენა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, ბრილიანტის, როგორც სიყვარულის გამოხატულება და ა.შ. ეს მაგალითები აუცილებლად დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის წარმატებისთვის მომხმარებლის გონებაში და მათი ყოველდღიური ცხოვრების წესში შეღწევა. მომხმარებლების ჩვევები და საჭიროებები იცვლება, თუმცაღა - რიტუალი წლების განმავლობაში უცვლელი რჩება.
გაქვთ მოფიქრებული რიტუალი, რომელიც თქვენი ბიზნესის წარმატებაში დაგეხმარებათ? შეგვეხმიანეთ.