სრულყოფილი ჩანაწერის მომზადებისათვის საჭირო 5 ინგრედიენტი

თითოეულ ადამიანს განსხვავებული წერის სტილი და თხრობის თავისი, ინდივიდუალური მანერა აქვს და ეს დადებითად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ჩანაწერი, იქნება ეს ელექტრონული შეტყობინება, კომენტარი, შენიშვნა, რეპორტი, პრესრელიზი თუ სხვა, გაუგებარი არ აღმოჩნდეს.
სრულყოფილი ჩანაწერის მომზადების 5 ინგრედიენტი 5 კითხვაა, რომელსაც ჩანაწერი აუცილებლად უნდა პასუხობდეს: ვინ? რა? რატომ? როდის? სად? განვმარტოთ თითოეული მათგანი:
ვინ? ჩანაწერში ნათლად უნდა ჩანდეს ვიზეა საუბარი, ვინაა მოქმედი პირი. როცა საქმე სახელს ეხება, კარგად უნდა გადამოწმდეს მისი სისწორე. როცა სახელში უზუსტობაა გაპარული, თუნდაც მცირები, ნდობა კლებულობს.
რა? გქონიათ შემთხვევები, როცა ვინმე გესაუბრებათ, აგერ უკვე 15 წუთია და თქვენ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ თქვენგან რა უნდათ? დამერწმუნებით, ეს დამღლელია. სათქმელის გასაგებად, დროულად და ლაკონურად გადმოცემა აუცილებელია. დეტალებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მთავარი და ძირითადი უნდა გავანდოთ მკითხველს დროულად.
რატომ? დარწმუნებისათვის, ჩანაწერი უნდა პასუხობდეს მკითხველის “რატომ?”-ს.
როდის? გაითვალისწინეთ, რომ დროში დალაგებული თხრობა, მარტივად აღსაქმელია მკითხველისათვის. გარდა ამისა, განავრცეთ თქვენი შეტყობინება ინფორმაციით დროზე. მაგ.: როდის იწყება ღონისძიება ან აქცია? რომელზე მთავრდება? ეს მკითხველისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
სად? ჩვენთვის ჩვენი ადგილმდებარეობა თავისთავად ცხადია, თუმცაღა, ასეთივე თავისთავად ცხადი არაა ის ჩვენი მკითხველისათვის. ტური იგეგმება და პარასკევს გავდივართ? არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ საიდან.
მიყევით ამ 5 კითხვას და მექანიკურად არაფერი მნიშვნელოვანი აღარ გამოგრჩებათ. ეს თქვენს რეპუტაციას და ადრესატის დროს დაზოგავს.
გახსენდებათ მაგალითები, როცა არასრულფასოვან კომუნიკაციას შეუფერხებიხართ და პრობლემად ქცეულა? მოგვწერეთ.