top of page

რატომაა მნიშვნელოვანი სტუდენტებისათვის სტაჟირება?


ხატია კომუნიკაცია”-ში სტაჟირებამ ბევრი რამ მასწავლა, რაც ჩემი მომავალი კარიერის შექმნაში დამეხმარება. ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, რომ შემდგარი და ენთუზიაზმის მქონე კადრის მოძებნა დამსაქმებლისთვის, როგორც წესი, არც თუ ისე მარტივი პროცესია. სტუდენტებს სტაჟირების პროგრამის შესაძლებლობის სწორად გამოყენებით შეგვიძლია ჩვენთვის სასურველ დამსაქმებელს დავეხმაროთ, რომ აღმოგვაჩინოს.

ამ ჩანაწერში მინდა წარმოგიდგინოთ 10 მიზეზი, თუ რატომაა სტაჟირება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი თქვენთვის.

სტაჟირება გაყალიბებთ კონკურენტუნარიან კადრად. არ გაქვთ პროფესიული გამოცდილება? მაშინ, დროა, რომ სტაჟირებით დაიწყოთ. დამსაქმებლები უპირატესობას გამოცდილ კადრს ანიჭებენ, სტაჟირება კი თქვენი პირველი ნაბიჯია.

გამართული რეზიუმეს შექმნის და ინტერვიუს წარმართვის ხელოვნებას დაეუფლებით. სტაჟირება შესაძლებლობას მოგცემთ ზუსტად გაიგოთ ამა თუ იმ პოზიციის დასაკავებლად რა გამოცდილებები და უნარ-ჩვევები დაგჭირდებათ. შესაბამისად, შეძლებთ თქვენი რეზიუმეს დახვეწას. ინტერვიუს პროცესში კი გეცოდინებათ რა უფრო მნიშვნელოვანია დამსაქმებლისათვის და თქვენი ძლიერი მხარეები როგორ წარმოაჩინოთ.

სტაჟირება გამოხატავს ინიციატივას. სამუშაო გამოცდილების ქონა სწავლის დასრულებისთანავე დაამტკიცებს, რომ თქვენ აქტიურად ზრუნავთ კარიერის განვითარებაზე.

სტაჟირება დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი საკუთარ თავზე. სტაჟირების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ თქვენსავე ძლიერ მხარეებზე, სისუსტეებზე და ინტერესებზე. ამასთანავე, თქვენ შეძლებთ გაიგოთ, გინდათ თუ არა ვაკანსიაში ჩამოთვლილი დავალებების კეთება.

სტაჟირება ზრდის თქვენს პროფესიულ ნდობას. სტაჟიორის ტიტული ნიშნავს, რომ თქვენ გუნდის ნაწილი ხართ, რაც გიყალიბებთ პროფესიულ გუნდთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. დამქირავებლები კანდიდატებში ეძებენ არა მარტო ძლიერი კომუნიკაციის უნარებს, არამედ ბიზნეს ეტიკეტის ცოდნას. სტაჟირების დროს პროფესიულ გარემოში მუშაობით და კოლეგებთან თანამშრომლობით, თქვენ ამის გამოცდილებასაც იძენთ ავტომატურად.

სტაჟირება დაგეხმარებათ რეალურად საქმეში დაამტკიცოთ თქვენი აკადემიური ცოდნა. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, რომ პრაქტიკაში გამოსცადოთ ყველა ის თეორია, რაც შეისწავლეთ.

სტაჟირება გააფართოვებს თქვენს პროფესიულ ქსელს. 70% -ზე მეტი სამუშაო ადგილი ივსება პირადი კონტაქტისა და ქსელის საშუალებით. სტაჟირების მეშვეობით თქვენ შეხვდებით ახალ ადამიანებს, რომელთაგან თითოეულს შეუძლია გაგიწიოთ რეკომენდაცია ან მოგცეთ პროფესიული რჩევა.

სტაჟირება არის თქვენი გასაღები, რომელიც გიხსნით იმ კარს, საიდანაც თქვენ სცენის უკან მოხვდებით და დაინახავთ ნამდვილ, სამუშაო გარემოს. სტაჟირების მეშვეობით თქვენ მიიღებთ შანსს, ისწავლოთ ის, რაც ნამდვილად მუშაობს კომპანიაში და სხვადასხვა ინდუსტრიაში.

სტაჟირება დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის ამაღლებაში. შემდეგ გასაუბრებაზე, როცა თქვენს უნარებზე კითხვას დაგისვამენ, თქვენ შეძლებთ არა მარტო პასუხის გაცემას, არამედ მაგალითების მოყვანას და დამსაქმებლის დარწმუნებას, რომ თქვენ ამა თუ იმ დავალების განხორციელება შეგიძლიათ. ეს უბრალო პირობა არ იქნება, არამედ მას უკვე თქვენი გამოცდილებებით გაამყარებთ.

სტაჟირების ადგილი შესაძლოა თქვენ სამუშაო ადგილად იქცეს. თავიდანვე აღვნიშნე, რომ დამსაქმებლისათვის შემდგარი და ენთუზიაზმით აღსავსე კადრის მოძიება ადვილი არაა. სტაჟიორს დამსაქმებელი დროს უთმობს, ასწავლის სამუშაო პროცესებს. წარმოიდგინეთ მისი პერსპექტივიდან, რა რთული იქნება სტაჟიორის გაშვება, თუ კადრი გაუმართლებს.

როგორც ხედავთ, ბევრი რამეა ჩვენზე დამოკიდებული. რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ, რაც სტაჟირებას შეეხება? სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებებს.

bottom of page