როგორ დავწეროთ პრესრელიზი

რა არის პრესრელიზი? ესაა დოკუმენტი, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები მაშინ ვამზადებთ, როცა რაიმე სიახლის მედიაში გავრცელება გვსურს. პრესრელიზს მედიის წარმომადგენლებს ვუგზავნით და სწორედ მათი საშუალებით მიგვაქვს ჩვენი სიახლე ჩვენს სამიზნე აუდიტორიამდე. თუმცაღა, მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია რომ გაავრცელონ, აუცილებელია შემდეგის გათვალისწინება:
ამბავი უნდა იყოს საინტერესო და აქტუალური სანამ პრესრელიზის წერას დაიწყებდეთ, დაუსვით თქვენს თავს მთავარი შეკითხვა: “არის ჩემი ამბავი საინტერესო და აქტუალური”? ამ კითხვაზე თქვენი პასუხი აუცილებლად დადებითი უნდა იყოს, რათა ამბავმა მედიის წარმომადგენელში დაინტერესება გამოიწვიოს. არ დაგავიწყდეთ, პრესრელიზს თქვენ უფრო ჟურნალისტისთვის წერთ და არა თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის. მთავარი შთაბეჭდილება სწორედ მასზე უნდა მოახდინოთ, რათა საბოლოო მიზანსაც მიაღწიოთ.
გამართეთ პრესრელიზის ფორმა უცხოეთში პრესრელიზის დოკუმენტისათვის დგება შაბლონი, რომელშიც განსაზღვრულია სათაურის ფონტის ზომა, დაშორებები, თარიღის ადგილი და სხვა ტექნიკური დეტალები. საქართველოში ასეთი დეტალები არაა სავალდებულო და თავად შეგიძლიათ მოიფიქროთ თქვენი პრესრელიზისათვის როგორი ნიმუში აჯობებს. თუმცაღა, არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი დეტალები:
თქვენი კომპანიის ლოგო
მითითება: პრესრელიზი
თარიღი
საკონტაქტო ინფორმაცია: ვებგვერდი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი, საკონტაქტო პირი
კონტენტის ბოლოს –30– ან –დასასრული–
სათაური შეარჩიეთ სწორად კარგი სათაური ერთ-ერთი პირველია, რაც მკითხველის ყურადღებას იპყრობს და ინტერესს აღძრავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სათაური დაკვირვებით შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ იგი უნდა ეხებოდეს თემას და ახდენდეს სათანადო ეფექტს. უმჯობესია თუ სათაურს წერის დასრულების შემდეგ მოიფიქრებთ. ასე უკეთ გეცოდინებათ რა არის თქვენს ამბავში მთავარი საკითხი და რითი უფრო შეგიძლიათ ყურადღების მიპყრობა.
შთამბეჭდავი გახსნითი პარაგრაფი ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც გინდათ, სწორედ აქ უნდა განთავსდეს. ჟურნალისტს არ აქვს იმის დრო, რომ თქვენი შემოსული მასალები თავიდან ბოლომდე იკითხოს. თუ თქვენმა გახსნითმა პარაგრაფმა არ დააინტერესა, სავარაუდოა, რომ ბოლომდეც აღარ ჩაიკითხავს და თქვენი სიახლის გამოქვეყნებასაც არ დააპირებს.
სრულყოფილი ინფორმაცია თქვენი ამბავი უნდა პასუხობდეს მთავარ კითხვებს: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? და როგორ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენც დაგეხმარებათ იმაში, რომ რაც შეიძლება კონკრეტულად და გასაგებად აღწეროთ თქვენს კომპანიაში მიმდინარე სიახლეები.
იყავით ლაკონურები როგორც წესი, ჯობს თქვენი პრესრელიზი იყოს მოკლე და კონკრეტული, მაგრამ არც ისეთი, რომ ჟურნალისტმა ვერ გაიგოს რის თქმას ცდილობთ. ოქროს შუალედი აქაც მნიშვნელოვანია. იდეალური პრესრელიზი უნდა შეადგენდეს 300-400 სიტყვას, დაახლოებით 4-5 აბზაცს. წერისას მოერიდეთ ჟარგონებს, იყავით ოფიციალურები.
ციტირება ციტირება თქვენს პრესრელიზს გაამდიდრებს. მეორე პარაგრაფი აქციეთ ციტატად. ყველაზე მნიშვნელოვანი პირის ციტირება ხდება პირველ რიგში. მეოთხე აბზაცში შეგიძლიათ უკვე მეორე პირის ციტირება, რომელსაც ექნება მხარდამჭერი როლი. მაგალითად, თუ ახალი პროდუქცია გამოგაქვთ ბაზარზე, პირველი ციტატა შეიძლება კომპანიის ხელმძღვანელს ეკუთვნოდეს, მეორე კი პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებელ პირს.
გამოიყენეთ მულტიმედია კარგი იქნება თუ ფოტო ან ვიდეო მასალასაც გამოიყენებთ. ეს დამატებით ვიზუალურ ინფორმაციას მისცემს ჟურნალისტს და დაანახებს, რომ სიახლე გამოსაქვეყნებლად მზადაა. მას მხოლოდ განთავსებაღა ესაჭიროება.
ინფორმაცია კომპანიაზე დასასრულს, როგორ ვთქვით, მოკლედ აღწერეთ თქვენი კომპანია - რას საქმიანობთ, რა არის თქვენი მიზანი, მისია, შეგიძლიათ მიუთითოთ შესაბამისი ბმულიც. აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება ჟურნალისტი დაუკავშირდეს დამატებითი კითხვებით.
ეს გახლდათ ის მთავარი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პრესრელიზის მომზადებისას. მედიასთან ურთიერთობის საკითხში რაიმე სხვა ასპექტიც ხომ არ გაინტერესებთ? ჩვენი სააგენტო ამ საკითხებში სიამოვნებით დაგეხმარებათ.