რა არის პარაზიტული მარკეტინგი და როგორ მუშაობს ის?
როგორც თავად სიტყვა “პარაზიტული” მიგვანიშნებს, ეს არის მარკეტინგის ისეთი ფორმა, როდესაც ბრენდი ცდილობს რაიმე ცნობილ ღონისძიებას ან კამპანიას ისე შეუერთდეს, რომ არ უზრუნველყოს მისი ფინანსური მხარდაჭერა - სპონსორობა. ან, როდესაც ერთი ბრენდი მოულოდნელად “თავს ესხმის” კონკურენტ ბრენდს და მის რეკლამას იყენებს ყურადღების საკუთარ თავზე გადასატანად.
მოდით, “პარაზიტული მარკეტინგი” რამდენიმე კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ:
1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ NIKE მარჯვე და წარმატებული სვლა განახორციელა. ამ წელს ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორი Reebok იყო, რომლისთვისაც მან არც მეტი, არც ნაკლები $50 მილიონი გადაიხადა. პარაზიტული მარკეტინგული ტაქტიკით კი Nike-მა ზუსტად ამდენივე დაზოგა.
ამერიკელი სპრინტერი მაიკლ ჯონსონი პირველი მამაკაცი მრბოლელი იყო, რომელმაც 2 ოქროს მედალი მოიპოვა 200 და 400 მეტრზე სირბილში. გახსოვთ მისი ოქროსფერი სპორტული ფეხსაცმელები Nike-ის ლოგოთი? მას შემდეგ “კაცი ოქროს ფეხსაცმელებით” უწოდეს. Nike-მა კი ამ ფაქტით მსოფლიო პრესა დაიპყრო.

იმავე ოლიმპიურ თამაშებზე Nike-ს არც Puma ჩამორჩა. პრესკონფერენციაზე სპორტსმენი Puma-ს კონტაქტური ლინზებით გამოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ტაქტიკამ გაამართლა და მან პარაზიტულ მარკეტინგში დამსახურებული შავი ქამარიც მოიპოვა.

2010 წლის გაზაფხულზე, მონრეალში გამოჩნდა Apple Nano-ს სარეკლამო ბილბორდები. როგორც ხედავთ, ბილბორდი ასახავდა, რომ ახალი iPod სხვადასხვა ფერებში იყო წარმოდგენილი.

ეს ბილბორდი შენიშნა ერთ-ერთი კრეატიული სააგენტოს წარმომადგენელმა და გადაწყვიტა შესაძლებლობა მისი დამკვეთი "რონა"-სთვის გამოეყენებინა. "რონა" კანადური კომპანიაა, რომელიც საყოფაცხოვრებო პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. მათ შორის, საღებავებსაც.
Rona-ს რეკლამა საღებავის გადამუშავებას ეხებოდა. კრეატიულმა გუნდმა ორიგინალურ სტრატეგიას მიმართა. შექმნა გიგანტური ბანერი, რომელზეც გამოსახული იყო, როგორ გროვდება საღებავი შესაბამისი ფერის ქილაში და ის პირდაპირ Apple-ს ბანერის ქვეშ განათავსა.

არ არსებობს ერთგვაროვანი აზრი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს “პარაზიტული მარკეტინგი” ეთიკურად გამართლებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ეს მართლაც პარაზიტული თუ კრეატიული სტრატეგია? გახსოვთ სხვა მსგავსი მაგალითები? გაგვიზიარეთ.