ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები პიარის ისტორიაში

საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც პროფესია, საკმაოდ ახალია და მხოლოდ რამდენიმე ასეულ წელს ითვლის. საინტერესოა ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის “მამად” წოდებული ედვარდ ბერნეისი. მეოცე საუკუნის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, წარმოშობით ავსტრიელი მოღვაწე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუსვა ხაზი საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობას და ხელი შეუწყო მისი, როგორც დარგისა და სპეციალობის განვითარებას. ბერნეისს ამ ტიტულში სამართლიანად ეცილება ამერიკელი ივი ლი, რომელიც ასევე თანამედროვე პიარის ფუძემდებლად ითვლება. იმაზე კამათი, თუ ვინ უნდა ატაროს “პიარის მამის” ტიტული უმნიშვნელოა, რადგან ორივე მათგანს აქვს საფუძვლიანი არგუმენტები.
ივი ლი ცნობილი გახდა პრესრელიზის, როგორც მედიასთან ურთიერთობის ფორმის ჩამოყალიბებით. ლი თანამშრომლობდა კომპანია Standard Oil-სა და მის დამფუძნებელ ჯონ როკფელერთან, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საინტერესო ქეისია. მას შემდეგ, რაც ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროელები გაიფიცნენ, როკფელერისა და მისი კომპანიის იმიჯს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. სწორედ ამ დროს, ლი მათ კორპორატიულ ინტერესებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა. მისი რჩევით როკფელერი პირადად ხვდებოდა მუშებსა და მათ ოჯახებს და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ღონისძიებებში, რითაც იპყრობდა მუშების გულებს და მედიის ყურადღებას. ამ ყველაფერმა კომპანიას შანსი მისცა არსებული კონფლიქტი მოეგვარებინა. ამის შემდეგ, ივი ლიმ ერთ-ერთი პირველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკოსულტაციო ფირმა Ivy Lee & Associates გახსნა.
რაც შეეხება ედვარდ ბერნეისს, მან დახვეწა პრესრელიზის ფორმატი და მედიასთან ამგვარი ურთიერთობა პიარის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცია. ბერნეისი იყო პიარ კონსულტანტი ისეთი პიროვნებებისა და კომპანიებისა, როგორებიც არიან: პრეზიდენტები ვუდრო ვილსონი და კალვინ კულიჯი, American Tobacco Company, General Electric, Alcoa, the American Dental Association, Dodge Motors, the NAACP და მრავალი სხვა. დაწერა საზოგადოებასთან ურთიერთობის რამდენიმე სახელმძღვანელო: “Crystallizing Public Opinion”, “Propaganda” და “The Engineering of Consent”. ამ ნამუშევრებით იგი ამტკიცებდა, რომ პიარი არის გამოყენებითი სოციალური მეცნიერება, რომელიც ახერხებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას სოციოლოგიის, მასობრივი ფსიქოლოგიისა და მსგავსი დისციპლინების გამოყენებით.
ბერნეისის და ლის საქმიანობას მოჰყვა ის, რომ დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობა არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, წარმატებული და მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა.
თანამედროვე პიარ სპეციალისტებს შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ მეთიუ ფროდი, მისი სახელობის ბრიტანული საერთაშორისო პიარსააგენტოს Freud Communications დამფუძნებელი და დირექტორი. იგი თანამშრომლობს ისეთ პრესტიჟულ კომპანიებთან, როგორიცაა: Burberry, Google, Mars, Pepsi, Chiltern Firehouse და სხვა. 2016 წელს მეთიუმ შეიძინა ამერიკული პიარ საკონსულტაციო ფირმა Brew Media Relation, რითაც საშუალება მიეცა ამერიკულ ინდუსტრიაში შეღწევის. ჟურნალ PRWeek-ის მიხედვით, დღეს იგი ყველაზე გავლენიან პიარ პროფესიონალად ითვლება დიდ ბრიტანეთში.
თანამედროვე პიარის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული ქალები. 135th Street Agency ორი ქალბატონის მიერ დაარსებული სააგენტოა, რომელიც წარმატებულ ივენთებს ქმნის და პიარ და მარკეტინგულ დახმარებას უწევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: Walt Disney Studios, Paramount, Essence, Interscope Records, TNT და სხვა. 2010 წელს სააგენტომ მიიღო ამერიკული რეკლამის ფედერაციის ჯილდო. ქალბატონების თქმით, მათი წარმატების მთავარი გასაღები არის ის, რომ ისინი მაღალ სტანდარტებს აწესებენ განათლებასა და შრომისმოყვარეობაში.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის განვითარებაში? ან იქნებ გახსენდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ვისი ნამუშევარიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე? გაგვიზიარეთ.