top of page

როდის უნდა გაათავისუფლოთ თანამშრომელი?


კომპანიების წარმატება თანამშრომლებზეა დამოკიდებული, ამიტომ მენეჯმენტი თანამშრომლებს სიფრთხილით არჩევს, თუმცა დაცული არავინ არაფრისგანაა, რადგანაც სამყარო, ადამიანები და მათი ინტერესები მუდმივად იცვლება. შესაძლებელია მალევე, ანდაც დიდი ხნის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ შერჩეული კანდიდატი საჭიროებს გაშვებას. ამის განხორციელება სასიამოვნო სულაც არაა, თუმცა დროულობა აუცილებელია, თუ არ გსურთ, რომ თქვენმა უმოქმედობამ მდგომარეობის გაუარესებამდე და მთელი გუნდის დემოტივაციამდე მიგიყვანოთ.

ზოგიერთი მენეჯმენტი უგულვებელყოფს გათავისუფლების ნიშნებს და ზედმეტად ფრთხილობს. ისინი გასაშვები თანამშრომელის გათავისუფლების ნაცვლად ცვლიან პოზიციებს და მოვალეობებს, რაც უმეტესად ცუდად მთავრდება: მსგავსი ტიპის თანამშრომლები ხშირად ხდებიან კომპანიის ბიუჯეტისა და კოლეგების პოზიტივისა და მოტივაციის კლების მიზეზები, რაც, საბოლოოდ კომპანიის ზარალით მთავრდება.

და მაინც, როდის უნდა გავათავისუფლოთ კადრი? გთავაზობთ ნიშნებს, რომლებიც თქვენს რეაგირებას იმსახურებს:

აპათია თანამშრომლის აპათიური მდგომარეობა არა მხოლოდ კოლეგების პროდუქტიულობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ ეს ძალიან საზიანოა კომპანიისთვისაც. თანამშრომლის გულგრილობის, უინტერესობისა და უხალისობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მისი პირადი პრობლემებია. ასეთ შემთხვევაში დაელაპარაკეთ მას და აუხსენით, რომ მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა, პირადი პრობლემები და სამუშაო გარემო ერთმანეთს ემიჯნება და რომ სამუშაოსადმი უინტერესო დამოკიდებულება ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც კოლეგებზე, ასევე კომპანიაზე და ეს უნდა შეწყდეს. თუ თანამშრომლის აპათია გამოწვეული არ არის პირადი პრობლემებით, ამ შემთხვევაში მაღალია იმის ალბათობა, რომ მისი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მისი პოზიცია და მოვალეობებია. აპათიური დამოკიდებულება სამუშაოსადმი ერთი-ერთი კარგი ინდიკატორია თანამშრომლის გასათავისუფლებლად. რაც არ უნდა კარგ კადრთან გქონდეთ საქმე, მონდომების გარეშე შესრულებული სამუშაო თქვენს კომპანიას წინ ვერ წაიყვანს.

წესების დარღვევა ყველა კომპანიას გააჩნია შიდაგანაწესი, რომლის გათვალისწინებაც თითოეულ თანამშრომელს ევალება. როდესაც თანამშრომელი ხშირად არღვევს მათ - აგვიანებს სამსახურში, არ იცვამს მისი პოზიციის შესაფერისად, ან აცდენს სამუშაო დღეებს - დიდი ალბათობით, ის არ თვლის თავს მისი პოზიციის შესაფერისად, ან შესაძლოა ის ახალი სამსახურის ძიებაშია. თუ ასეთი თანამშრომლის ქმედებებზე დროულად არ მოახდენთ რეაგირებას, შესაძლოა ლოდინის შემთხვევაში უპასუხისმგებლო თანამშრომელს შესწიროთ პროფესიონალი კადრიც.

მუდმივი კამათი თუ თანამშრომელი ნეგატიურია და ცდილობს, რომ პატარა დეტალებზეც კი მუდმივად ეკამათოს კოლეგებს, მენეჯერს თუ მფლობელს, გამოხატოს დომინანტობა, სიუხეშე და უპატივცემულობა, მაშინ, თქვენ საკმარისი მიზეზი გაქვთ მის გასათავისუფლებლად. ასეთი თანამშრომელი თავისი დამოკიდებულებით ყველას მოაბეზრებს თავს. გსმენიათ საკმაოდ მცოდნე ადამიანების შესახებ, რომლებიც სამუშაოს ვერ პოულობენ? ხანდახან მიზეზი რთული ხასიათია.

პროდუქტიულობის შემცირება პროდუქტიულობის შემცირება შეიძლება მრავალი მიზეზის გამო მოხდეს. ხანდახან პერსონალი შეიძლება გადატვირთული იყოს, ან უწევდეს ისეთი საქმის კეთება, რისი გამკლავების უნარიც მას არ გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, გაარკვიეთ არაპროდუქტიულობის მიზეზი თანამშრომელთან და აუხსენით, რომ მისგან პროდუქტიულობის ამაღლებას მოელით. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი საკუთარ სამუშაო დროს სხვა საქმიანობას უთმობს, არ არის კონცენტრირებული საკუთარ საქმეზე და რა მიზეზებიც არ უნდა ჰქონდეს, საბოლოო ჯამში, არ არის ნაყოფიერი - მაშინ დროა, რომ ასეთი თანამშრომელი გაათავისუფლოთ. მუშაობის ასეთი დონე არც მას გაზრდის პროფესიონალურად და არც კომპანიას გამოადგება.

ჭორაობა თანამშრომლები, რომლებიც თქვენს დანახვაზე საუბარს წყვეტენ, ხოლო თქვენ ზურგს უკან ჩურჩულებენ, უდიდესი პრობლემაა. ასეთი თანამშრომლები საფრთხეს უქმნიან კოლექტივის ერთიანობას, ნაყოფიერ სამუშაო პროცესსა და გამჭირვალე სამუშაო გარემოს. გარდა ამისა, სამუშაო პროცესში ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს კი, რომლებიც პროფესიონალიზმს ივიწყებენ და სამსახურში ჭორაობას არ ერიდებიან, ვეღარავინ ენდობა. თუ კომპანიაში მსგავსი ტიპის პრობლემას გადააწყდებით, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრათ ის, რადგან ასეთი კოლექტივის კომპანიაში დატოვება ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობაზე.

უსაფუძვლო მოთხოვნები როცა კადრს საქმეზე გული აღარ მიუწევს, ის იწყებს არარეალისტური მოთხოვნების წამოყენებას. დროა გაუშვათ.

კლიენტი უკმაყოფილოა თუ კლიენტები უკმაყოფილოები რჩებიან თქვენი თანამშრომლით და მას ეს არც კი აღელვებს, არ ცდილობს თავისი საქმით კლიენტის დაკმაყოფილებას და მისი გულის მოგებას, დროა თქვენ თავად იფიქროთ გამოსავალზე. ნუ უგულვებელყოფთ ამ ნიშნებს, რომლებიც გიჩვენებთ, რომ სამუშაო გარემოში ყველაფერი რიგზე არ არის. თქვენი, როგორც ხელმძღვანელის მოვალეობაა სანდო, პროდუქტიული და პოზიტიური სამუშაო გარემო შექმნათ კომპანიაში. როცა აუცილებლობა მოითხოვს, გაუშვით სუსტი თანამშრომელი.

გაგითავისუფლებიათ ვინმე? რა იყო მიზეზი? გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება?

bottom of page