თქვენი კომპანია მზადაა კრიზისისთვის?

ოტავაში კოლეჯს რომ ვამთავრებდი, ჩვენმა პროფესორმა, სტივენმა ჩაგვაწერინა სია იმ დავალებებისა, რომლებიც ჩვენს ახალ სამსახურში აუცილებლად უნდა განგვეხორციელებინა. მათ შორის იყო კრიზისული კომუნიკაციის გეგმა. ეს გასაგებიცაა, კომპანიების დიდი ნაწილი უგულვებელყოფს შესაძლო კრიზისებზე წინასწარ ზრუნვას და სწორედ ამიტომაც, სიახლეებში ხშირად ვხვდებით მათ წარმომადგენლებს - “კომენტარის გარეშე”. არადა, ეს პროფესიონალური თვალსაზრისით ორჯერ ორის არცოდნაა.
ამიტომაც, დიდი ენთუზიაზმით ვასწავლიდი საქართველოს უნივერსიტეტში რეპუტაციის მართვას, რომელიც სწორედაც საკითხების და კრიზისების მართვის ხელოვნების შესწავლაა. მიხარია, რომ გვეყოლებიან ამ კურსდამთავრებულთა სახით სპეციალისტები, რომლებიც კომპანიებს ნებისმიერი სახის საკითხების და კრიზისების მართვისათვის შეამზადებენ.
კომპანიებში, სადაც ვმუშაობდი, ჩემივე ინიციატივით ვადგენდი კრიზისული კომუნიკაციის და საკითხების მართვის გეგმას, თუმცა სააგენტოში ამ საკითხზე მხოლოდ დაკვეთის შემთხვევაში ვმუშაობთ. ასეთი დაკვეთები კი იშვიათია, რაც ერთის მხრივ გასაკვირი არაა - კომპანიებში მოკლევადიანი გეგმები დგება, ბიუჯეტის სახელით იზოგება თანხები და კრიზისული კომუნიკაციის გეგმის შემუშავება კი ფუფუნების საგნად აღიქმება. მეორეს მხრივ, დაკვეთების ნაკლებობა კრიზისულ კომუნიკაციაზე გასაკვირია, რადგანაც სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ყველანაირი კრიზისისათვის მზად უნდა იყო. ჩართეთ ტელევიზორი და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. აქ შეიძლება:
თქვენს კომპანიაში მომავალ კლიენტს თავში აგური დაეცეს;
უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო პროკურატურიდან მოგაკითხონ;
თქვენი კლინიკის თანამშრომლის ქმედების გამო სავალალო შედეგები დადგეს;
ბაღში პედაგოგს ტუბერკულოზი აღმოაჩნდეს;
თქვენი კლიენტების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ხანძარს ემსხვერპლოს;
თანამშრომლები გაიფიცონ;
თქვენი პროდუქტით ვინმე მოიწამლოს;
ჭერი ჩამოინგრეს;
თანამშრომელი მუშაობის განხორციელების დროს გარდაიცვალოს;
მენეჯერი თაღლითობის ბრალდებით დააკავონ;
გარემოს დაბინძურებაში დაგადანაშაულონ;
ბუნებრივ კატაკლიზმასთან გამკლავება მოგიხდეთ;
სავარაუდოდ ჰაკერული შემოტევის გამო თქვენი კლიენტების მონაცემები უცხო პირებმა ხელთ ჩაიგდონ
და ასე მოულოდნელად აღმოჩნდეთ გამოძიებისა და მედიის ყურადღების ცენტრში. თქვენ კი ამისათვის მზად ვერ იქნებით, თუ საკითხების და კრიზისების მართვაზე მშვიდობიან პერიოდში არ გექნებათ ნამუშევარი.
როგორც ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან მიხვდით, საქართველოში ყველა მათგანი მომხდარა და ასევე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეტიც, არ არსებობს კომპანია, რომელსაც არ აქვს მოსაგვარებელი საკითხები და რისკები. ყველა კომპანიას მოუწევს კრიზისებთან გამკლავება.
დასაიმედებლად, კი შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ყველა სავარაუდო რისკის მხოლოდ 4 კატეგორია და მათთან გამკლავების გზების გაწერაც არის წინასწარ შესაძლებელი.
თქვენი კომპანია მზადაა კრიზისებისათვის? ან ახორციელებთ რაიმეს კრიზისების თავიდან ასაცილებლად?