როგორ მოაწესრიგა ბოგოტამ საგზაო მოძრაობა
შემოქმედებითი უნარი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს არამარტო კამპანიების მოფიქრებასა და განხორციელებაში გვეხმარება, არამედ პრობლემების გადაჭრაშიც. ბიუჯეტია შეზღუდული? არა უშავს, მინიმალურ ბიუჯეტზე ავამუშავებთ საქმეს. რაიმე სისუსტე აქვს კომპანიას? ვაქცევთ მას კომპანიის სიძლიერედ და ა.შ.
პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბოგოტას მერის მიერ შემუშავებული სტრატეგია. კოლუმბიის ამ ქალაქში საგზაო წესებს თითქმის არავინ იცავდა, არც ფეხით მოსიარულეები და არც მძღოლები. საგზაო პოლიციაც კორუმპირებული იყო და საქმის გამოსწორების ყველა ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა ყოველთვის. ბოგოტას მოძრაობის ქაოსს ყოველწლიურად ბევრი ადამიანი ეწირებოდა.
ბოგოტას მერმა, ანტანას საგზაო პოლიციის მაგივრად ქალაქში მოძრაობის დასარეგულირებლად პანტომიმის მსახიობები დაატრენინგა და დაიქირავა. ისინი თავისი ჟესტიკულაციებით ამყარებდნენ მძღოლებთან და ფეხით მოსიარულეებთან კონტაქტს. შედეგმაც არ დააყოვნა. საგრძნობლად შემცირდა საგზაო შემთხვევები და შესაბამისად, განახევრდა ამ შემთხვევების გამო დაღუპულთა რიცხვიც.

ალბათ, ამ მაგალითზე დაგებადათ კითხვა, ნეტა ჩვენს გზებს თუ უშველება რამე. ისეთ უცნაურობაში ვართ, მხოლოდ უცნაური და თამამი იდეები თუ გვიშველის, რადგანაც, როგორც აინშტაინი ამბობდა თურმე, ჩვენ ვერ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას იმავე აზროვნების სტილით, რომლითაც შევქმენით იგი.
აქვს თქვენს კომპანიას პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ? ან გაქვთ თქვენს ქალაქში პრობლემების გადაჭრის იდეა? მოგვმართეთ.