top of page

მზად ხართ პიარსააგენტოში სამუშაოდ?


ცნობილია, რომ საზოგადოებასთან ურთიიერთობის სპეციალისტს უნდა ჰქნდეს წერისა და კრეატიულად აზროვნების უნარი, უნდა იყოს კომუნიკაბელური და ორგანიზებული. თუმცა, ეს ყველაფერი პიარსააგენტოში მუშაობის დასაწყებად საკმარისი მაინც არ არის. გაინტერესებთ, ხართ თუ არა მზად პიარსააგენტოს გამოწვევებისათვის? გაეცანით ჩანაწერს და გაიგებთ.

1. მუშაობის წყურვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას რომ ვსწვლობდი ოტავაში, რაღა თქმა უნდა, გავიარეთ ის განსხვავებები, რაც პიარ სპეციალისტად სხვადასხვა სფეროში მუშაობას ახლავს თან. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს საქველმოქმედო ორგანიზაციაში შესაძლებლობა აქვს პიარის ყველა ასპექტზე თავად იმუშაოს, მთავრობაში შეზღუდულები ვართ სხვადასხვა შიდაგანაწესებით და ფორმალობებით, ბიზნესში ბევრი დატვირთვა გველის და გაყიდვებზე ორიენტაცია, თუმცა, თუ გეჩვენებათ, რომ რასაც ახლა აკეთებთ, ძალიან ცოტაა და თქვენ კიდევ უფრო მეტი ენერგიით გაცილებით მეტ დავალებებს შეგიძლიათ გაართვათ თავი, შესაძლებელია პიარსააგენტოში სამუშაოდ მზად ხართ. თუ თქვენ მშვიდი სამუშაო გსურთ, სხვა სფეროებს გირჩევდით. პიარსააგენტოში საქმეები არასდროს არ ილევა.

2. ჩრდილში ყოფნის უნარი ერთ-ერთი მცდარი წარმოდგენა, რომელიც პიარსააგენტოში მუშაობის მსურველებს აქვთ, არის ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა. ყოველდღიურობაში, თქვენი სამუშაო ასე გამოიყურება: თქვენ ზიხართ და წერთ. შესაძლებელია ვერც ვერავინ გაიგოს, რომ ეს სიტყვა, რომელიც ქვეყნის თუ კომპანიის პრეზიდენტმა წარმოთქვა, თქვენ დაწერეთ. თუ ‘სცენაზე’ გინდათ ყოფნა, მოქმედებების ეპიცენტრში, შესაძლოა პიარსააგენტო არ იყოს თქვენთვის შესაფერისი ადგილი.

3. პროდუქტიულობა ხართ შედეგებზე ორიენტირებული? ერთი საკითხია რამდენად გიყვართ მუშაობა და მეორე საკითხია, რამდენად პროდუქტიული ხართ. დამერწმუნებით, უმეტესობა ადამიანებს ერთიანი სამუშაო საათები აქვთ, თუმცა თითოეული მათგანი ამ სამუშაო დროში სხვადასხვა ხარისხის და რაოდენობის საქმეს ასწრებს. პიარსააგენტოში თქვენი მუშაობა საათების მიხედვით არ იზომება, არამედ შედეგების მიხედვით. თუ თქვენ მშვიდი დღეები გირჩევნიათ, ყოველ წუთას შემდეგ დავალებაზე რომ არ იყოთ გადასასვლელი, პიარსააგენტო არ იქნება თქვენთვის შესაფერისი ადგილი. ყველგან, სადაც კი მიმუშავია, ტემპი და დავალებების რაოდენობა გაცილებით მცირეა პიარსააგენტოსთან შედარებით.

4. მუდმივი სწავლა სამი სასწავლებელი რომ დავასრულე წარმატებით, ვთქვი, რომ მოვრჩი სწავლას და ამისათვის ძილს აღარ მოვიკლებდი, თუმცა, მალევე გადავთქვი და მუდმივად განვაგრძობ სწავლას, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიები, ახალი ქეისები თუ ახალი მიდგომები. ახლაც, ბიზნესის ადმინისტრაციაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასერთიფიკატო კურს გავდივარ, მერე რა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში თავად ვასწავლიდი საზოგადოებასთან ურთიერთობას?!

ჩვენი გუნდის წევრებისათვისაც ყოველთვიურად ახალი დავალებები მაქვს. ეს ხან რომელიმე პროფესიული წიგნის გაცნობაა, ხან სასერთიფიკატო კურსის გავლა, ან უბრალოდ, ახალი უნარების დაუფლება. ამ მიდგომით, ჩვენმა გუნდმა უკვე ბევრი ახალი უნარი და ცოდნა მიიღო, რომელიც საქმეში ძალიან გვადგება. პიარი მუდმივად ვითარდება და პიარსააგენტო ჩამორჩენილების თავშეყრის ადგილი არ უნდა იყოს.

5. ინტერპერსონალური უნარები ჩვენ კომუნიკაციის სფეროში ვართ, სფეროში, რომელშიც ადამიანებს არამარტო ფანტასტიურად უნდა გავუგოთ, არამედ მოვერგოთ და შევძლოთ ვიყოთ დამარწმუნებლები. ეს ხელოვნებაა, რომელიც მხოლოდ ერთი წიგნის წაკითხვით ან ტრენინგით არ ისწავლება. პიარ სპეციალისტი უნდა იყოს გაწონასწორებული, რადგანაც საქმიანობის პერიოდში საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო კრიტიკის მოსმენაც მოგვიხდება და მხოლოდ სწორი რეაგირებით შევძლებთ დადებითი ურთიერთობების შენარჩუნებას. აუცილებელია, რომ ვაწარმოოთ ურთიერთობები არამარტო დამკვეთის სამიზნე ჯგუფებთან, არამედ ჩვენს და ჩვენი სააგენტოს სამიზნე ჯგუფებთანაც. ურთიერთობების წარმოება სამსახურში და მის მერე კი დროს მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ პიარსააგენტოში რამდენიმე კლიენტთან ერთდროულად მოგიწევთ მუშაობა. თითოეულ მათგანს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის არის N1 პრიორიტეტი თქვენთვის. ხართ იმისათვის მზად, რომ პარასკევ საღამოს დამკვეთის ზარს უპასუხოთ და კრიზისული სიტუაციის დაძლევაზე ესაუბროთ?

6. პრობლემებთან გამკლავების უნარი ასევე, პიარ სპეციალისტის პირდაპირი მოვალეობაა კრიზისულ სიტუაციებში სწორი ქმედება. სავარაუდოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა სპეციალისტს აქვს კრიზისული კომუნიკაციის კურსი გავლილი. კრიზისებთან ცოდნის გარეშე და ემოციებით შეჭიდება, მხოლოდ არაპროფესიონალიზმს ავლენს. გარდა კრიზისებისა, პიარსააგენტოში აუარება პრობლემა წარმოიშობა, რომლის გადაჭრაც თავად და დროულად უნდა შეგეძლოთ. აქ, წესით, შემოქმედებითობაც ეხმარება სპეციალისტებს.

7. სამუშაოს განაწილება სააგენტოს სერვისის ყველა მომხმარებელს დროულად უნდა შეუსრლოთ შესაბამისი სამუშაო. მეტიც, კლიენტმა ნებისმიერ დროს შეიძლება დაგირეკოთ და სასწრაფოდ რაიმეს მომზადება გთხოვოთ. რა თქმა უნდა, პასუხი “არ მცალია, გუშინ რომ დაგეჭირათ თადარიგი” არ არის მისაღები, ამიტომ სამუშაოს სწორი განაწილება დროისა და პრიორიტეტების მიხედვით მნიშვნელოვანია. სამუშაო დღის ბოლოს არ უნდა აღმოაჩინოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დაგრჩენიათ ყურადღების გარეშე.

8. ნაკითხი და გათვითცნობიერებული პიარ სპეციალისტი უნდა იყოს ნებისმიერ სფეროში გათვითცნობიერებული. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ჯანდაცვის, ხელოვნების, ტელეკომუნიკაციების, სპორტის, ახალი ტექნოლოგიების, საფინანსო და განათლების სფეროში ერთდროულად მუშაობა, ამიტომ ყველა სფეროს ათვისება და შესაბამისი ცოდნის დაგროვება იქნება საჭირო.

9. შემოქმედებითობა თქვენი ცოდნისა და ფანტაზიის უნარის დახმარებით თავისუფლად უნდა შეგეძლოთ კამპანიების მოფიქრება. ერთია ტაქტიკა, რომელიც ყველამ ვიცით და სია სახელმძღვანელოებშია ჩამოწერილი, მეორეა სტრატეგია და იდეა, რომელიც თქვენ უნდა მოიფიქროთ. სხვა ადამიანების შთაგონების წყარო უნდა იყოთ თქვენი შემოქმედებითობით.

10. დამარწმუნებელი პიარ სპეციალისტი უნდა იყის კარგი პრეზენტატორი. როგორი შესანიშნავი ნამუშევრებიც არ უნდა გქონდეთ, გასათვალისწინებელია, რომ საქმე დამკვეთზე შთაბეჭდილების მოხდენით იწყება.

თუ მზად ხართ პიარსააგენტოში სამუშაოდ, შეგვეხმიანეთ, გელით! :)

bottom of page