ბრენდად ქცეული სახელები, რომლებიც ავტორებს უკავშირდება

ყოველდღიურად უამრავ საგანთან ან ბრენდთან გვაქვს შეხება და შეიძლება ვერც კი ვათვითცნობიერებდეთ, რომ მათ დამფუძნებლის სახელი ჰქვიათ.
წარმოიდგენდით, რომ არსებობს ბატონი ჯაკუზი? ჯაკუზის შვილს თერაპია ესაჭიროებოდა. სწორედ თავისი ვაჟისთვის შექმნა ბატონმა ჯაკუზიმ პირველი აბაზანის მოდელი, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და რამდენიმე ათწლეულში მათი გვარი საგნის აღმნიშვნელ სიტყვად გადაიქცა. ცოტას თუ ახსოვს დღესდღეობით, რომ იტალიური წარმოშობის გვარში იღებს აბაზანას, როცა ჯაკუზში ნებივრობს.

დიზელი … დიახ, ესეც. რუდოლფ დიზელი საფრანგეთში დაბადებული გერმანელი ინჟინერი იყო, რომელმაც 1892 წელს შექმნა შიდაწვის ძრავის ახალი, უფრო ეფექტური მოდელი. დღეისათვის მისი სახელი ეწოდება, როგორც თავად ძრავის ამ ტიპს, ისე საწვავს, რომელსაც ის მოიხმარს.

ნაჩო გემრიელი საკვებია, თუმცა ის ერთი მოხერხებული ადამიანის გვარიც იყო. ამერიკელი სამხედროების მეუღლეები ჩრდილოეთ მექსიკაში ყოფნისას ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ, რომელიც წესით უკვე იკეტებოდა. მზარეულს არ უნდოდა კარგი კლიენტების უკან გაბრუნება და მოამზადა საკვები იმით, რაც ჰქონდა სამზარეულოში მორჩენილი. როცა ქალბატონებმა საკვებით გული იჯერეს და აღფრთოვანებულებმა კითხეს, ამ გემრიელობას რა ერქვა, ალბათ ცოტა დაბნეულმა მზარეულმა უპასუხა - Nacho’s special. ასეთი ისტორია აქვს ჩვენთვის ახლა უკვე კარგად ცნობილ ნაჩოს.

გუპი ალბათ ყველასთვის ცნობილი და გავცრელებული აკვარიუმის თევზის სახეობაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს სახელი მათ ინგლისელი სამოქალაქო ინჟინერის ლეშმირ გუპის საპატივცემულოდ ეწოდათ, რომელიც ახალი ზელანდიის ნაპირებზე გემის კატასტროფის შედეგად აღმოჩნდა. როგორც უკვე მიხვდით, სწორედ აქ აღმოაჩინა გუპიმ თევზის ახალი სახეობა - გუპი.

სენდვიჩი ბევრისათვის საყვარელი საკვებია. მისი ავტორი გახლდათ ჯონ მონტეგი, სენდვიჩის მეოთხე გრაფი, გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ოდესღაც, წასახემსებლად პურის თხელ ნაჭრებში სხვადასხვა სახის პროდუქტი მოათავსა.

ლუი ბრაილი იყო ფრანგი განმანათლებელი, რომელმაც გამოიგონა საკითხავი სისტემა მხედველობა შეზღუდული ადამიანებისათვის. ეს სისტემა დღემდე შეუცვლელი რჩება და გამომგონებლის საპატვიცემულოდ ატარებს ბრაილის სახელს.

თქვენ რომელი პროდუქტები, გამოგონებები ან აღმოჩენები გახსენდებათ, რომლებიც ჩვეულებრივ სიტყვებად იქცა, თუმცა პიროვნების სახელიდან ან გვარიდან მომდინარეობს?