top of page

როგორ მივაგნოთ შთაგონების და იდეების წყაროს?


ყველამ კარგად ვიცით, რომ ავტომატურ დავალებებს რობოტებიც უკვე მშვენივრად ასრულებენ და ასეთი დავალებებისათვის ანაზღაურება მწირია. სამაგიეროდ, დიდი მიღწევები აქვთ ადამიანებს, ვისაც შემოქმედებითი უნარები მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. როგორ მივაგნოთ ახალ იდეებს და შევქმნათ რამე? რაა ინსპირაციის და იდეების წყარო?

საზოგადოებასთან ურთიერთობის და ბრენდინგის პროცესში ახალი იდეები მუდმივად გვჭირდება. სიამოვნებით გაგიზიარებთ წლების განმავლობაში ჩემ მიერ დაგროვილ გამოცდილებებს:

  1. იკითხეთ ბევრი და სხვადასხვა ჟანრის წიგნები თუ სტატიები. გონება ყველა ინფორმაციას იტევს და საჭირო იდეას საჭირო დროს გვაწვდის.

  2. იფიქრეთ ძილის წინ პრობლემაზე, რომლის გადაჭრასაც გეგმავთ. ძილის დროს ჩვენი გონება მუშაობს, თუმცა ის არაა ამ დროს ჩვენ მიერ შექმნილ ჩარჩოებში მოქცეული. შესაძლებელია გამოცანის ამოხსნა სწორედ ძილში შეძლოთ.

  3. იმეგობრეთ ხელოვნებასთან. არა აქვს მნიშვნელობა ეს ხატვა იქნება, მუსიკა თუ ცეკვა - ხელოვნებასთან ახლოს ყოფნა თქვენს გონებას სხვაგვარად აამოქმედებს.

  4. ყოველდღიურად ეცადეთ გახდეთ დარგის ექსპერტი. წარმოგიდგენიათ აინშტაინს შეექმა რაიმე მნიშვნელოვანი, ყოველდღიურად “ხარჩოსა თუ ბოზბაშზე” ფიქრში? ან მიქელანჯელოს დაეხატა გასაოცარი ნახატები, “ფეისბუქის” 'სქროლვაში' რომ გაეტარებინა თავისი დრო დღის და ღამის განმავლობაში? დაწერდა და მოასწრებდა ამდენს ილია ჭავჭავაძე, ტელევიზორი რომ ჰქონოდა სახლში მთელი დღე ჩართული? პასუხია - გამორიცხულია. ინსპირაცია მოდის მაშინ, როცა ამა თუ იმ მიმართულებით ყოველდღიურად მოღვაწეობთ და იმაღლებთ თქვენს უნარებს. ჩაუღრმავდით თქვენს თავს და აზრებს.

  5. ჩამოწერეთ თქვენი იდეები და მოახდინეთ მათი ვიზუალიზაცია. ხშირად ვიზუალური დაფა გვეხმარება იდეების გენერირებაში.

  6. იფიქრეთ, რომ თქვენ ხართ ვინმე თქვენზე გაცილებით მცოდნე და ძლიერი თქვენთვის სასურველ სფეროში. როცა რაიმეს ვწერ, გადავხედავ და ვფიქრობ, ნუთუ ასე დაწერდა, მაგალითად ილია ჭავჭავაძე, მარგარეტ ეთვუდი, ნოდარ დუმბაძე? თუ კარგი მცოდნე ვართ, ვიცით ჩვენზე ძლიერი და უფრო მცოდნე ადამიანი როგორ მოიქცეოდა და … ესეც იდეა!

  7. ზუსტად განსაზღვრეთ რა გინდათ. გონება იპოვის გზებს, იქნება ეს პიარ კამპანიის კრეატიული სტრატეგია, თუ ამბავი ჟურნალისთვის. რაც უფრო მკაფიოა მიზანი, მით უფრო კარგად ჩანს შესაძლებლობები.

  8. იფიქრეთ გლობალურად. ეს ეხება ყველაფერს, დროს, ადგილმდებარეობას, ყველაფერს. გენიალური ადამიანები გლობალურად აზროვნებენ და არა მხოლოდ იმ დროზე და სივრცეზე, რომელშიც იმყოფებიან. ნიკალა არ შემოიფარგლებოდა კიბის ქვეშ მოცემული სივრცით, არისტოტელე არ ცხოვრობდა მხოლოდ იმ დროის წერტილში, რომელშიც არსებობდა, არამედ ფიქრობდა სამყაროზე უსასრულობაში, გლობალურად.

  9. საოცრებაა, მაგრამ ოფისში არცერთი კარგი იდეა არ მომსვლია. კიდევ უფრო საოცრებაა, თუ სტრატეგიულ ხელმძღვანელებს ოფისში ყოფნა ევალებათ კიდევ სადმე. მე ოფისში მხოლოდ ტაქტიკურ და ტექნიკურ დავალებებს ვასრულებ. რაც შეეხება გლობალურ და სტრატეგიულ აზროვნებას, ახალ იდეებს, ისინი ტრანსპორტში, ბუნებაში ან ჩემს საყვარელ ფისოებთან თამაშში მებადება. ამიტომ, შაბათ-კვირის დასვენებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების და ახალი იდეების გენერირებას ვანდომებ.

  10. შეხვდით და გაესაუბრეთ საინტერესო ადამიანებს. შეიძლება არაფერი გითხრან თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე, არც კი ესმოდეთ თქვენს სფეროზე რაიმე და მათთან უბრალოდ შეხვედრამ უხილავად აუარება ინფორმაცია გადმოგცეთ.

  11. გამოეთიშეთ რუტინას. გონება უჩვეულო სიტუაციებში თითქოს “გამოცოცხლდება” ხოლმე. რუტინულ გარემოში კი თითქოს ავტოპილოტზეა ჩართული. ამიტომ, ეძიეთ ახალი შესაძლებლობები. ცადეთ რაიმე ისეთი, რაც ყოველთვის გინდოდათ გაგეკეთებინათ და თავს იკავებდით.

  12. მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას.

აუარება რჩევები არსებობს, მე ამით შემოვიფარგლები. იცოდეთ, იდეა ხილივითაა. ის როცა მომწიფდება, თავისით მოვა თქვენთან, მთავარია ვიზრუნოთ იდეის 'დამწიფებაზე'. გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ და სად პოულობთ შთაგონებას.

bottom of page