top of page

აქციე წიგნის ყოველდღიურად კითხვა ჩვევად


წიგნები გონების საკვებია. კითხვა არამარტო აუმჯობესებს ჩვენი ფანტაზიის და თანაგრძნობის უნარს, არამედ გვამზადებს ცხოვრების სხვადასხვა გამოწვევებისათვის, გვეხმარება ვიყოთ უფრო მიმზიდველი და წარმატებული. ნაკითხ ადამიანს სიღრმისეული ანალიზი შეუძლია და ფართო ხედვა აქვს.

მიუხედავად ბევრი დადებითი ასპექტისა, დროის გამოძებნა კითხვისათვის ბევრისათვის პრობლემად რჩება. ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ყოველდღიური საკითხები გვაქვს გადასაჭრელი, როდისღა მოვიცალოთ კითხვისათვის?

“No matter how busy you make think you are you must find time for reading, or surrender yourself to self-chosen ignorance”

― Confucius

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, იმისათვის, რომ ყოველდღიური კითხვა თქვენს ჩვევად აქციოთ:

  • შეადგინეთ წასაკითხი წიგნების სია მთელი წლისათვის. ამაში Goodreads.com დაგეხმარებათ. განსაზღვრეთ წელიწადში რამდენს და რას წაიკითხავთ. თვეში ერთი წიგნის წაკითხვა სასურველი მინიმუმია. თუ ამას უკვე მარტივად ახერხებთ, გაართულეთ დავალება და თვეში 2-3 წიგნის გაცნობა შეძელით.

  • გამოყავით დრო თქვენს კალენდარზე წიგნისთვის. ეს დაგეხმარებათ ზუსტად იცოდეთ როდისაა წიგნის კითხვის დრო და ამ დროს სხვა რამეს არ დაგეგმავთ.

  • გამოიყენეთ ყველა საშუალება კითხვისთვის. ამაში ახალი ტექნოლოგიებიც დაგეხმარებიან. კითხვა ყოველდღე საცობში თქვენი ტელეფონითაც შეგეძლიათ, სადილის მზადებისას, ძილის წინ, შეხვედრის ან ექიმის მოლოდინში და ა.შ. საბოლოო ჯამში, კითხვისათვის ბევრი დრო გამოგივათ დღის განმავლობაში.

  • გამოყავით ერთი წიგნი და მისი წაკითხვისათვის განსაზღვრეთ დრო. ეს დაგეხმარებათ იყოთ მიზანმიმართული. თუ ბევრ წიგნს ერთდროულად მოეჭიდებით, შესაძლოა უფრო გაგიჭირდეთ ერთის წაკითხვა მაინც.

  • იკითხეთ მელოდიის ან ბუნების ხმის ფონზე. აუცილებელია, რომ მელოდიას არ ერთვოდეს თან სიტყვები, რადგანაც მათი აღქმა კითხვისას შეგაფერხებთ.

  • განიხილეთ ასევე აუდიო-წიგნის გაცნობის შესაძლებლობაც.

  • აირჩიეთ წიგნები, რომლებიც მართლა ძალიან გაინტერესებთ ან გჭირდებათ.

  • ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ, მეორე სხვა ჟანრიდან შეარჩიეთ. ასე არ მიეცემა თქვენი კითხვა ერთფეროვნებას და მუდამ საინტერესო იქნება პროცესი.

  • ატარეთ წიგნი მუდამ თან. ეს შეგიძლიათ ტელეფონითაც მოახერხოთ.

  • შეიქმენით ყველგან კითხვისათვის კომფორტული გარემო.

  • ყოველ ჯერზე, როცა ფეისბუქის შემოწმებას დააპირებთ, წიგნის კითხვა ამჯობინეთ.

  • ყოველთვის, როცა ტელევიზორს მიუჯდებით, გადაიფიქრეთ და წიგნის კითხვა განაგრძეთ.

  • შეუერთდით ჯგუფს “წიგნი გვაძლიერებს” და გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ან კითხვები მის წევრებს თაგით #წიგნიგვაძლიერებს

  • მოიძიეთ ჯგუფში საერთო ინტერესების მქონე პირები და შექმენით წიგნის კლუბი, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება და განიხილავს ამა თუ იმ წიგნს.

ამ ჩვევების გამომუშავებით თქვენ მოახერხებთ და წლის განმავლობაში ბევრ წიგნს გაეცნობით. წიგნები კი თქვენს ცხოვრებას შეცვლის!

bottom of page