უძველესი წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ინფორმაციის გადაცემის უპირველესი მეთოდი ზეპირი სახის იყო, თუმცა, დროის ცვლასთან ერთად იცვლებოდა ინფორმაციის გაცვლის და მიღების საშუალებებიც. მაგალითად, თუ საუკუნეების უკან, სანამ ქაღალდი გამოჩნდებოდა, ინფორმაციის მიღების წყარო: კედლები, თიხის და ფოლადის ფირფიტები და გრაგნილები მიიჩნეოდა, მოგვიანებით გამოჩნდა წიგნი, რომელმაც მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია. ფურცლის გამოგონებამდე საწერ მასალად იყენებდნენ: პაპირუსს, ხეებს, ქვებს, ნაჭრებს, ცხოველის ტყავს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კინძავდნენ და წიგნის იერს სძენდნენ. ევროპაში XIII საუკუნიდან წიგნის საწარმოებლად ფურცლის გამოყენება დაიწყეს.
ალბათ დამეთანხმებით რომ კაცობრიობის კულტურის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ წიგნებია, ამიტომ დავინტერესდით და მოვიძიეთ ჩვენამდე მოღწეული უძველესი წიგნები:
ეტრუსკების ოქროს წიგნი - (ქრისტეს შობამდე 800 წელი) მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი უძველესი მრავალგვერდიანი წიგნი კაცობრიობის ისტორიაში, აღმოაჩინეს 70 წლის უკან, ბულგარეთში, ერთ-ერთ მდინარესთან გათხრებისას. წიგნი ბულგარეთის მუზეუმს აჩუქა 87 წლის უცნობმა პირმა. ეტრუსკები, ძველი იტალიისა და კორსიკის ხალხები ქმნიდნენ უძველეს ცივილიზაციას.
პიერგის ოქროს ფირფიტები (Pyrgi Gold tablets) - 1964 წელს აღმოაჩინეს საკურთხევლის გათხრებისას. თარიღდება ქრისტეს შობამდე 500 წლით. სამი ფირფიტიდან ორზე შეხვდებით ეტრუსკების ხელწერას, ხოლო ერთი დაწერილია ფინიკურ ენაზე. დღესდღეობით ეს ფირფიტები ინახება, იტალიაში, რომში, ეტრუსკების ეროვნულ მუზეუმში.
ნეგ ჰემედის ბიბლიოთეკა - თარიღდება III-IV საუკუნით ქრისტეს შობის შემდეგ. 1945 წელს ეგვიპტეში, ადგილობრივმა კაცმა ნაგ ჰამადმა დალუქულ ქილაში აღმოაჩინა, მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უძველესი აკინძული წიგნი, რომელიც შედგება 13 პაპირუსის ტყავის კოდექსისგან.
შემდეგია ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ქართული წიგნი, ქართველებისთვის საამაყო, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, იაკობ ხუცესის: ,,შუშანიკის წამება”-ა.
ზარების წიგნი (book of kells)- ზარების წიგნი, ქრისტეს შობიდან 800 წელს შეიქმნა, კელტური ბერების მიერ, ინახება სამების კოლეჯში, დუბლინში. ეს უკანასკნელი ვიზიტორებს ნამდვილად აბრუნებს მე-18 საუკუნეში. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი მთლიანად გაწყობილია წიგნის თემატიკაზე.
რაც შეეხება უძველეს ქართულ წიგნებს და მათ ქრონოლოგიას, ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ 1629 წელს ერთ-ერთი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებთან ერთად და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული წიგნების ისტორია.
მას შემდეგ, რაც 1708-1709 წლებში პირველი ქართული სტამბა დაარსდა, თბილისის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სპეციალურად აგებულ შენობაში, აქტიურად დაიწყო წიგნების დაბეჭდვა. სწორედ ამ პერიოდში დაიბეჭდა: ,,სახარება”, ,,დავითნი” და ,,ვეფხისტყაოსანი”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩამოთვლილი წიგნებიდან: ,,ვეფხისტყაოსანი” და ,,სახარება” საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.
მსოფლიო უძველეს წიგნებთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო ამბავს ან ისტორიულ მონაცემს ხომ არ იცნობთ, რომ გაგვიზიაროთ?