30 წიგნი, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს

კითხვას სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ვკითხულობთ გართობისთვის, განტვირთვისთვის, შემეცნებისთვის. ალბათ თქვენც შეგინიშნავთ თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს კარგმა წიგნმა ჩვენზე, როგორ შეიძლება შეგვაყვაროს პერსონაჟები და გაგვხადოს იმ სამყაროს ნაწილი, რომელსაც კითხვისას ვეცნობით. გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც მნიშვნელოვან კვალს დატოვებენ თქვენზე. მაშ ასე:
1. "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე"
მრავალი ათეული წლის განმავლობაში დეილ კარნეგის ყველა დროის ეს შესანიშნავი ბესტსელერი ათასობით ადამიანს დაეხმარა წარმატების მიღწევაში. 1936 წელს, გამოსვლისთანავე, წელიწადზე ნაკლებ დროში გაიყიდა ამ წიგნის მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
2. "ნუ მოკლავ ჯაფარას"
ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას” თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
3. "დანაშაული და სასჯელი"
რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა. მან მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგების. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“
4. "Hellados"
ნოდარ დუმბაძის Hellados მოგვითხრობს ორ თინეიჯერზე, რომლებიც აფხაზეთში იზრდებიან. ნაწარმოებში ნათლად ჩანს ორი მოზარდის – იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის. თუმცა, როცა ჯემალი იანგულზე უფრო მეტს გაიგებს, მათი პაექრობა მეგობრობაში გადაიზრდება. ერთ დღესაც, წარმოშობით ბერძენი იანგული, თავის ნამდვილ სამშობლოში დარჩენას ამჯობინებს თავის სიცოცხლის ფასად.
5. "ჩვევების ძალა"
ჩარლზ დაჰიგის წიგნი გვიყვება თუ რამხელა გავლენა აქვთ ჩვენს ჩვევებს ჩვენს ცხოვრებაზე და როგორ შეგვიძლია სწორი ჩვევების გამომუშავებით სასურველ შედეგებს მივაღწიოთ.
6. "ჰერი პოტერი"
ბევრისათვის საყვარელი, ჯოან როულინგის მიერ დაწერილი შვიდ ნაწილიანი ფანტაზიის ჟანრის წიგნების სერია. იგი ჰერი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნის ეკრანიზაციაც.
7. "ანა კარენინა"
ლევ ტოლსტოის რომანი, რომელშიც აღწერილია ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს - ჰყავს გავლენიანი ქმარი და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას, მაგრამ თავი მაინც უბედური ჰგონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე ოფიცერი.
8. "მარტოობის ასი წელიწადი"
კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის შექმნილია. რომანში უხვად არის გამოყენებული უძველესი კულტურული სიმდიდრე: კლასიკური მითოლოგიური თემები, ხალხური ზღაპრული სახეები. თხრობის ფორმა, როგორც თავად მწერალი აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, „სწორხაზოვანი, თანმიმდევრული და ზედაპირულია“. სიუჟეტი: ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია. ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში, მაკონდოში, დასახლებული ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.
9. "დიდი გეტსბი"
ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მის რომანს „დიდი გეტსბი“ - ამავე პერიოდის ინგლისურენოვან 100 საუკეთესო წიგნს შორის მეორე ადგილზე აყენებს. ეს არის მამაკაცის და ქალის უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... ამ ერთგულებასა და უანგარობას სწორედ საყვარელი ქალის სანაცვლოდ ეწირება, თანაც ისე, რომ ქალის ცრემლსაც ვერ ეღირსება. ასე სრულდება დიდი გეტსბის ტრაგიკული სიყვარული. კაცისა, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი. „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და ბევრ საფიქრალსაც უჩენს მკითხველს.
10. "ჯეინ ეარი"
დაწერილია შარლოტ ბრონტეს მიერ. თავიდან ბრონტემ მას უწოდა “ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია”, რომელიც მან კურერ ბელის ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა.
11. "ტრიუმფალური თაღი"
ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს გერმანელი ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადავიდა გერმანიიდან პარიზში მეორე მსოფლიო ომამდე. რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ შემდეგ, „ტრიუმფალური თაღი“ გახდა მწერლის რიგით მეორე ბესტსელერი მსოფლიოს მასშტაბით.[1] იგი მოსვენებას ვერ პოვებს ვერც პარიზში.
12. "ძმები კარამაზოვები"
დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის უკანასკნელი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. რომანი მოგვითხრობს კარამაზოვების ოჯახის ისტორიას და ეხება კაცობრიობისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა. რომანმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის ფილოსოფოსებსა და მწერლებზე. ერთ-ერთი, ვინც ამ გენიალური რომანის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა, იყო ჯეიმს ჯოისი. ხოლო ზიგმუნდ ფროიდმა „ძმებ კარამაზოვებს“ უწოდა „ყველაზე დიდებული რომანი, რაც კი ოდესმე დაწერილა“. ნიცშე კი წერდა, რომ ერთადერთი ფსიქოლოგი, რომლისგანაც რაღაც ისწავლა, იყო დოსტოევსკი.
13. "დორიან გრეის პორტრეტი"
პირველად 1890 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნიმუში. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება.
14. "ყვავილები ელჯერნონისთვის"
მოგვითხრობს ჩარლსზე, რომელსაც ტვინზე ოპერაციას უკეთებენ. ოპერსციის შემდეგაც მისი IQ 180-ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.
15. "ოსტატი და მარგარიტა"
მიხეილ ბულგაკოვის რომანია, რომელიც გამოიცა 1966 წელს, ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხეილის მეუღლე, ელენა ინახავდა ხელნაწერ რომანს. ნაწარმოების ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია. მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე - რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმული არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი.
16. "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"
ართურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი" დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველში. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე. ყველა მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს. თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმის, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე ჩახლართულ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად ჰოლმსი არ „განგვიმარტავს“ თავისი „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.
17. "ბედნიერების ხელოვნება"
ამ წიგნში დალაი ლამას მოჰყავს მაგალითები, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები.
18. "სიამაყე და ცრუ რწმენა"
ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა. გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. განსაკუთრებით მწერლის სამშობლოში – ინგლისში, ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა.
19. "ანა ფრანკის დღიური"
გვიამბობს ანას ყოველდღიურობას. თხრობა იწყება მშვიდობიან საზოგადოებაში, ხოლო შემდეგ, ანას და მის ოჯახს ნაცისტური რეჟიმში უწევთ ცხოვრება და აქ მოვლენები ტრაგიკულად იძაბება. მიუხედავად იმ პირობებისა, რაც მაშინ ანას გარშემო იყო გამეფებული, მას სჯეროდა ადამიანთა სიკეთის და იმისიც, რომ ცხოვრება მშვენიერებებითაა სავსე.
20. "მექანიკური ფორთოხალი"
ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია. ნაწარმოების მთავარი თემაა ალექსის მოგზაურობა ახალგზარდობიდან მოწიფულობამდე. „მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის“ – ეს რომანის დევიზია.
21. "ლამაზი მეგობარი"
ჩვეულებრივი მაცდუნებლის და მექალთანის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გმირს ღირსების ნატამალიც არ გააჩნია, მის ისტორიას სუნთქვა შეკრული მიჰყვებით. ის მსუბუქად, თავდაჯერებულად და უპრინციპოდ მიაბიჯებს მაღალსოციალურ კიბეზე. წიგნის არსი კი, არა ჯორჯის გარყვნილება, არამედ საზოგადოების მდგომარეობაა, სადაც მას თავისებური კარიერის თავისუფლად წარმართვა შეუძლია. გი დე მოპასანის ეს რომანი პირველად 1885 წელს გამოიცა.
22. "გარდასახვა"
ფრანც კაფკას ეს წიგნი მოგვითხრობს ადამიანთა მარტოსულობაზე.
23. "ეშმაკნი"
დოსტოევსკი ამ ნაწარმოებით ორივეს მოახერხებს, ბევრს გაცინებთ და გახალისებთ და ამავდროულად, შეგაშინებთ, თუ რამდენი სისასტიკე შეუძლია ადამიანს გამოავლინოს.
24. "ვისთვის რეკს ზარი"
ერნესტ ჰემინგუეის მოკლე, მაგრამ დიდი აზრის მქონე ნაწარმოებია სიკვდილზე, ომის იდეოლოგიაზე, მის აბსურდულობასა და დაუჯერებელ სისასტიკეზე.
25. "ფორესტ გამპი"
კინოფილმის წარმატებას წინ უძღვოდა წიგნის წარმატება, რომელიც არის ერთდროულად ამერიკული ოცნების მითის განსახიერება, მწვავე სატირა (რომელიც ფილმში ნაკლებად იგრძნობა) და გულისამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წიგნში მთავარი გმირი ბევრად ჭკვიანი, განვითარებული, სიტუაციები კი- უფრო ფანტასტიკურია.
26. "ცხოველთა ფერმა"
ჯორჯ ორუელი გვიამბობს ფერმაზე, რომელთა ცხოველებიც რევოლუციის გზით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურთ და ნელ-ნელა, შეუმჩენევად ყველაფერი უარესობისაკენ განვითარდება. ყველას თანასწორობა - მიუღწეველ დევიზად დარჩება.
27. "მხევლის ამბავი"
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც მდიდარი და ღარიბი ქალები სხვადასხვა სტატუსით სარგებლობენ. ღარიბ ქალებს მდიდრებისათვის ბავშვის გაჩენა ევალებათ, რათა მდიდარმა ქალებმა მშობიარობის ტკივილი თავად არ გადაიტანონ. ღარიბებს არანაირი უფლებები არ აქვთ არც ბავშვზე და არც თავის თავზე. ასეთი შემზარავია სამყარო მარგარეტ ეთვუდის "მხევლის ამბავში".
28. "სამოსელი პირველი"
თანამედროვე ქართველი მწერალის, გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. "სამოსელი პირველის" სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელი ჭაბუკის დომენიკოს ტიპური ამბავია, რომელზეც დიდად იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან, მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე.
29. "კაცია ადამიანი?!"
ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა.
30. "წარმატების 365 გასაღები"
ამ წიგნს თქვენი პიროვნებისა და, აქედან გამომდინარე, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. წიგნში თავმოყრილია ის სიბრძნე, რაც ადამიანს თავის პიოვნულ განვითარებაში და შესაბამისად, წინსვლაში დაეხმარება.
გამოგვრჩა წიგნი, რომელმაც თქვენ და თქვენი ცხოვრება შეცვალა? გაგვიზიარეთ და შემოუერთდით ჯგუფს "წიგნი გვაძლიერებს".