top of page

ბერი ფელდმანის რჩევები სოციალურ მედიაზე ჩართულობის გასაუმჯობესებლად


სოციალურ მედიას კომპანიები სხვადასხვა მიზნებისათვის ვიყენებთ, იქნება ეს მარკეტინგული კომუნიკაცია, მომხმარებლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, "ჩართულობა" მნიშვნელოვანია ყველასთვის.

მთავარი ბევრი ჩანაწერის მომზადება და გაზიარება კი არა, არამედ სწორედ ჩართულობის გაუმჯობესებაა. თუმცა, ორგანული ჩართულობის გამომუშავება ბიუჯეტის გარეშე, არც ისე მარტივია. ამ საქმეში “ხატია კომუნიკაცია”-ში უკვე ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, რადგანაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ და ვაანალიზებთ, რა მუშაობს სხვადასხვა ინდუსრიებში ჩვენი პარტნიორებისათვის და რა არა. რასაც უფრო მეტი შედეგი მოაქვს, რაღა თქმა უნდა, უპირატესობაც იმას ენიჭება.

დღეს გვსურს ბერი ფელდმანის რჩევები გაგიზიაროთ, რომლებმაც თავის დროზე, ჩვენც დახმარება გაგვიწია. ბერი მარკეტოლოგია, 25 წლიანი გამოცდილებით. მისი ავტორობით გამოიცა წიგნი “გზა აღიარებისკენ”. ის ასევე წერს სტატიებს სხვადასხვა ციფრული პუბლიკაციებისათვის.

ფელდმანმა, თავისი მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებით, შეიმუშავა AEIOU აკრონიმის სიას, რომელიც ჩვენს სოციალურ ქსელებში ჩართულობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

A - Ask რადგანაც ადამიანებს გვიყვარს ჩვენი აზრების დაფიქსირება და გარკვეულ საკითხებზე ფიქრი, ფელდმანი გვირჩევს დავუსვათ ჩვენს მკითხველებს კითხვა “რას ფიქრობთ?”. თუ როგორ შეარჩიოთ კითხვები, ამაში თქვენი სამიზნე ჯგუფის ანალიზი დაგეხმარებათ. ადამიანებს სიამოვნებთ გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და არჩევანი, ამიტომ, შეგიძლიათ ჩაატაროთ გამოკითხვები და ტესტები.

დღესდღეობით BuzzFeed ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდია. გადახედეთ იქ განთავსებულ კონტენტს და მიხვდებით, რომ ჩართულობის გაზრდას სწორედ ქვიზების მეშვეობითაც ახერხებენ.

გაითვალისწინეთ, რომ კითხვები და დავალებები არ უნდა იყოს ძალიან რთული. ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ პრიზსაც რომ პირდებოდეთ მკითხველს, რთულ დავალებებს მხოლოდ ერთეულები შეასრულებენ, თქვენ კი გსურთ, რომ ჩაერთოს ბევრი. გადახედეთ თქვენს კითხვებს და გაამარტივეთ ისინი.

E - Expression ბერის აზრით, კარგი იქნება, თუ არ შევუშინდებით და ჩვენი ჩანაწერებით ემოციებს გამოვხატავთ. განწყობები შეიძლება შეიქმნას თანამშრომლების ან მომხმარებლების “სცენის მიღმა” ფოტოებით და ჰაშთაგებით.

I - Incentive ბერის დახმარების გარეშეც მიხვდებით ყველა, რომ საზოგადოებას უყვარს თამაში, შეჯიბრი, ქულების დაგროვება და მოგება. ყოველთვის ეცადეთ შთააგონოთ და მოტივაცია მისცეთ თქვენს აუდიტორიას. მცირეოდენი პრიზიც კი საკმარისია.

O - Offer ჩვენს სააგენტოში, კონტენტს განვავრცობთ შეფარული ან პირდაპირი შეთავაზებებით, რათა არ დაგვავიწყდეს კომუნიკაციის მთავარი მიზანი - გაყიდვების გაუმჯობესება. ბერისაც მიაჩნია, რომ თამამად შეგიძლიათ ძველ მეთოდებს მიმართოთ და მკითხველებს შეთავაზოთ, ვთქვათ, კუპონები და ფასდაკლებები, წევრობა, უფასო მიტანის სერვისი და სხვა იდეები, რომლებიც პროდუქციის გაყიდვაში დაგეხმარებათ.

U - Utility ჩართულობის გაზრდის ერთ-ერთი გასაღები - აუდიტორიისთვის სარგებლის მიცემაა. ჩანაწერები არამარტო მიმზიდველი, არამედ საგანმანათლებლო და ინფორმაციული სახისაც შეიძლება იყოს. სიტუაციაში B2B, ანუ როცა კომპანიის პოტენციური მომხმარებელი სხვა კომპანიაა, ასეთი მიდგომა უფრო ხშირად გვხვდება.

დავეთანხმებით ბერის, რომ მკითველს არამარტო გასართობი სახის ჩანაწერებით, არამედ ცოდნის გაზიარებითაც ვიზიდავთ. კლინიკის აუდიტორიას ვთავაზობთ დაავადებების თავიდან აცილების და მათთან გამკლავების საშუალებებს, კვების ობიექტებისათვის ლამაზი სურათების გარდა ვმუშაობთ რეცეპტებსა და ღირებული ინფორმაციის შექმნაზეც. ახლაც, ამ ბლოგს იმისათვის ვამზადებთ, რომ თქვენ პრაქტიკული რჩევებით სოციალური მედიის მართვა გაგიადვილოთ.

საბოლოოდ, დავამატებდით, რომ ჩართულობის გაზრდისათვის საჭიროა იყოთ საინტერესო. ამისათვის კი ბევრ წერაზე მეტად, ბევრი კითხვაა მნიშვნელოვანი. ასევე, აუცილებელია სამიზნე აუდიტორიის კარგად შესწავლა და მათგან უკუკავშირის მიღება.

გაითვალისწინეთ, თქვენი პოსტები იწერება იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეამჩნიოს ისინი. ამიტომ, მიეცით მათ საშუალება იბრწყინონ! თუ სოციაური მედიის კონტენტის მომზადებაში პროფესიონალების დახმარება გჭირდებათ, მოგვმართეთ.

bottom of page