როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის

კომპანიაში გასაუბრებაზე მიწვევით, თქვენი დასაქმების შანსები საგრძნობლად იზრდება. თუ თქვენი რეზიუმეთი 100-მდე ადამიანს უწევდით კონკურენციას, ახლა დაახლოებით რჩეულ 10-მდე კანდიდატს შორის ხართ. იმისათვის, რომ ეს ეტაპიც წარმატებით გაიაროთ, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას.
მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ შთაბეჭდილების მოსახდენად, გასაუბრებაზე უნდა მიხვიდეთ მომზადებული. ნუ გადადებთ ამ საქმეს გასაუბრების დღისათვის, რადგანაც ამ დღეს სხვა ბევრი რამ გექნებათ მოსასწრები და ყველაფრისათვის უბრალოდ დრო არ გეყოფათ. როგორც კი მიიღებთ გასაუბრებაზე მოწვევას, შეუდექით კომპანიაზე ინფორმაციების შეგროვებას. როდის დაარსდა? როგორია მათი ხედვა და მისია? ვინ არიან ხელმძღვანელები? რას წერენ მათზე მედიაში ან jobrate.ge-ზე? გაეცანით კომპანიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს. რა სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებლებს? ვინ არიან მათი მომხმარებლები? დამსაქმებელმა შესაძლოა გკითხოთ რა იცით მათი კომპანიის მისიის ან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. თუ ვერაფერს ეტყვით, მიხვდება, რომ თქვენ მათ თქვენი დროის დაკარგვის ღირსად არ თვლით. ეს გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს. არ დაგავიწყდეთ გაარკვიოთ, იცნობთ თუ არა ვინმეს კომპანიაში. შიდა კადრს ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, რაც თქვენ სხვა კანდიდატებზე წინ დაგაყენებთ.
აკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს? პატარა საიდუმლო, რადგანაც გასაუბრებაზე მიგიწვიეს, ესე იგი თვლიან, რომ მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, თუმცა, თქვენ შეხვედრაზე ამის დასაბუთება უნდა შეძლოთ. გაეცანით დამსაქმებლის მოთხოვნების სიას და სამუშაოს აღწერილობას. თუ რომელიმე მათგანში პირდაპირი გამოცდილება არ გაქვთ, ვთქვათ, არასდროს შეგიდგენიათ ინვოისი, მოიძიეთ რა უნარებია საჭირო ამ დავალების შესასრულებლად, რომელიც სავარაუდოდ გაქვთ. მაგალითისათვის: სიზუსტე, ანგარიშის უნარი, დოკუმენტის შედგენის უნარი, სწავლის და ათვისების უნარი.
გარეგნობა ვიცით, რომ პირველი შთაბეჭდილების მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანზე. თუმცა, სწორედ ამის მიხედვით უწევთ კადრების სპეციალისტებს კანდიდატის შერჩევა. ამიტომ, გასაუბრებაზე დადებითი შთაბეჭდილების დატოვება მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცით, რომ ამ პოზიციაზე არ იმუშავებთ, მაინც ნუ მოდუნდებით. არავინ იცის, კიდევ სად შეხვდებით ერთმანეთს თქვენ და პოტენციური დამსაქმებელი. გასაუბრებაზე მიბრძანდით კომპანიისათვის შესაფერისი ჩაცმულობითა და ვარცხნილობით. ზოგჯერ საქმიანი სამოსია საკმარისი, სხვა დროს კი მკაცრად საქმიანი. კომპანიაში მიღებულ კულტურასა და თქვენს პოზიციასაც გააჩნია.
დაათვალიერეთ კომპანიის გვერდზე, როგორ აცვიათ მათ თანამშრომლებს. ერიდეთ მყვირალა ფერის სამოსს, ბევრ სამკაულს, მკვეთრ მანიკურსა და მაკიაჟს, რადგანაც ეს ყურადღების გადატანის მცდელობად შეიძლება ჩაგითვალონ. ნუ მიხვალთ გასაუბრებაზე წარწერებიანი სამოსით. შეიძლება სტილს ან თქვენს სამოსზე დაფიქსირებულ პოზიციას გამსაუბრებელი არ ეთანხმებოდეს. მთავარია, რომ თქვენი გარეგნობით სწორედ ის იმიჯი შექმნათ, რაც გსურთ.
აკონტროლეთ თქვენი ქცევა მოეშვით. დაძაბულობა და მღელვარება დამაჯერებლობას გართმევთ. შესაძლოა დამსაქმებელს მოეჩვენოს, რომ შემოთავაზებული საქმე თქვენს ძალებს აღემატება და ჯერ არ ხართ მზად ასეთი პოზიციისთვის. მეტი თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით მოეკიდეთ საკითხს. ღელვის შესამცირებლად გაათავისუფლეთ ხელები: ნუ ათამაშებთ ნივთებს, თმას, ნუ ეხებით სახეს. კარგი იქნება თუ ხელებს მაგიდაზე დაალაგებთ და გამართულად იჯდებით. თქვენმა სხეულმა შიში ან გულგრილობა კი არ უნდა გამოხატოს, არამედ მობილიზება და შემართება.
მოემზადეთ შეკითხვებისათვის ბუნებრივია, რომ გასაუბრებაზე უამრავ შეკითხვას დაგისმევენ. პასუხები აუცილებლად წინასწარ დაამუშავეთ. ისაუბრეთ მოკლედ და კონკრეტულად, ნუ ეცდებით პასუხისთვის თავის არიდებას. თუ ისეთი შეკითხვა დაგისვეს, რომელზეც არ გაქვთ პასუხი, გულწრფელად უთხარით ეს.
მოგვიყევით თქვენ შესახებ - მოკლედ გაუზიარეთ დამსაქმებელს პოზიციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აჩვენეთ, რომ თქვენი განათლება და გამოცდილება დაგეხმარებათ მოვალეობების შესრულებაში. გაუზიარეთ ის უპირატესობები, რამლებმაც შეიძლება სხვა კანდიდატებზე წინ დაგაყენოთ. როგორც წესი, ვიწყებთ განათლებით, შემდგომ გადავდივართ მნიშვნელოვან და პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებებზე. სიტყვას ვამთავრებთ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობით.
რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ? - აქ თქვენს იმ მხარეებს უნდა გაუსვათ ხაზი, რომლებითაც ყველა სხვა კანდიდატისაგან გამოირჩევით. გქონდათ სამსახურში ან განათლებაში განსაკუთრებული მიღწევები? მოიშველიეთ ფაქტები.
რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა? - ამ კითხვით დამსამებელს აინტერესებს, უბრალოდ ვაკანტური ადგილი გაინტეესებთ, თუ თავად კომპანიაა თქვენთვის მომხიბვლელი. რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ცდილობს შეარჩიოს ის პირები, ვინც იამაყებენ ამ კომპანიაში მუშაობით.
ძლიერი და სუსტი მხარეები - დაუსახელეთ ის თვისებები, რომლებიც დაგეხმარებათ მოვალეობის შესრულებაში. სუსტ მხარებზე საუბრისას იყავით გულწრფელები, თუმცა აღნიშნეთ თუ როგორ მუშაობთ მათ გაუმჯობესებაზე. მაგალითად: “იმისათვის, რომ მეტი ვიცოდე კვლევებზე და შევძლო მათი გამოყენება ბიზნესის გაუმჯობესების პროცესში, გავიარე ტრენინგი “ხატია კომუნიკაციაში”.
როგორ დაგახასიათებდათ თქვენი კოლეგა და ხელმძღვანელი? - აქ არ უნდა შეყოვნდეთ. დამსაქმებელს აინტერესებს, რამდენად კმაყოფილები იყვნენ თქვენით თქვენი კოლეგები და ხელმძღვანელები და არა ის, თქვენ რამდენად კმაყოფილი იყავით თქვენით. გქონდეთ მომზადებული პასუხი.
ანაზღაურება - თუ ვაკანსიის აღწერაში ანაზღაურება არ არის მითითებული, მაშინ ამას თქვენ გკითხავენ. საუბარი ანზღაურებაზე არასდროს დაიწყოთ პირველმა. გადახედეთ, რა თანხას სთავაზობენ კანდიდატებს მსგავს პოზიციაზე სხვა ორგანიზაციები და თქვენი მოთხოვნა ამისა და თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით ჩამოაყალიბეთ. თუ არ გნებავთ, რომ ანაზღაურება გახდეს გადამწყვეტი, შეგიძლიათ დასძინოთ, რომ ანაზღაურებაზე შეიძლება მოლაპარაკება.
გარდა ზოგადი კითხვებისა, დამსაქმებელმა შესაძლოა დაგისვათ ასევე სიტუაციური კითხვები, რომლებზეც კონკრეტული მაგალითები უნდა მოიყვანოთ და განიხილოთ.
აღწერეთ სიტუაცია, როცა თქვენ არაკოოპერატიულ მომხმარებელთან ან კოლეგასთან გქონდათ საქმე. - პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ საქმიან შეხვერაზე ხართ და ეს საჭორაო ადგილი არაა. მოკლედ მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც გამოგიცდიათ და რა მოიმოქმედეთ.
რას ნიშნავს თქვენთვის კარგი მომსახურება? - ამ კითხვით დამსაქმებელს აინტერესებს რა სტანდარტები გაქვთ, როცა საქმე მომსახურებას ეხება და რამდენად გარკვეული ხართ საკითხში.
აღწერეთ სიტუაცია, როცა, როგორც ჯგუფის წევრმა, კარგად იმუშავეთ. - მაგალითი უნდა განმარტავდეს იმას, თუ რაზე მუშაობდა გუნდი, თქვენ რა როლს ასრულებდით და როგორ მიაღწია ჯგუფმა წარმატებას.
მოგვიყევით შემთხვევის შესახებ, როცა ნეგატიური უკუკავშირი მიიღეთ მომხმარებლისა ან კოლეგისგან. როგორი რეაგირება გქონდათ? - აქ დამსაქმებელს აინტერესებს, რამდენად იღებთ შენიშვნას, როგორი რეაგირება გაქვთ და გაურთულებთ თუ გაუადვილებთ გუნდს მუშაობას.
მოგვიყევით, თუ დაგიშვიათ შეცდომა სამსახურში და როგორ მოიქეცით? - ფრთხილად, არ დაასახელოთ ისეთი შეცდომა, რომელიც თქვენს დამსაქმებელს დააფრთხობს და შოკში ჩააგდებს. გაიხსენეთ, რომ ეს არა საუკეთესო ამბის თხრობის, არამედ სამუშაოს მისაღებად განკუთვნილი შეხვედრაა.
გაქვთ შეკითხვა ჩვენთვის? ნუ იტყვით, რომ არ გაქვთ კითხვები. გასაუბრების ბოლოს აუცილებლად დასვით 2-3 შეკითხვა. ასე გაუგებრობებსაც აიცილებთ თავიდან და გამსაუბრებელსაც დაანახებთ თქვენს დაინტერესებას.
გასაუბრებაზე შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს დამოკიდებული, რადგანაც ეს ახალ გამოცდილებას, ნაცნობებს, ინტერესებს შეგვძენს. კარგად მოემზადეთ. ამისათვის 1-2 დღე დაგჭირდებათ.
წარმატებებს გისურვებთ!