ხილ-ბოსტნეული სახლში მიტანით
რამდენიმე კვირაა რაც კანადაში დავბრუნდი და ჩემი ცხოვრება სწრაფი ტემპით იცვლება. არამარტო ყოველდღიურ ყოფას შეეტყო ცვლილებები, არამედ პროფესიულ განვითარებასაც.
დღეს, ბიზნესის ახალ იდეას გთავაზობთ, რომელიც აქ ყოველდღიურობას მიადვილებს და რომელზეც დიდი ხანი ვოცნებობდი საქართველოში - ხილ-ბოსტნეული გამოძახებით.
თავიდან თითქოს მეხალისებოდა მაღაზიაში სიარული. აუარება დახლების შემოვლა და სასურველი პროდუქციის ჩემს კალათაში მოთავსება, თუმცა, როგორც კი დრო შემომაკლდა და ტემპერატურის ათვლა მინუსებში დავიწყეთ, დატვირთული ჩანთებით სიარულმაც ყველანაირი ხიბლი დაკარგა.
ჩემი ცხოვრების შესაცვლელად ამ შემთხვევაში მობილურს მივმართე. ბევრი წვალება არ დამჭირვებია, უცებ ვიპოვე შესაბამისი ვებგვერდი და აპლიკაცია. Instacart მარტივი გამოსაყენებელია. ინტუიციურად ხდება ყველაფერი. პროდუქცია დახარისხებულია კატეგორიების მიხედვით. ასევე, შესაძლებელია ძიებიდან პირდაპირ საჭირო პროდუქტის მოძიება. ყველაფერს მოათავსებ ციფრულ კალათაში და მიუთითებ დროს, როდის გსურს რომ მოგართვან სახლში.
რა თქმა უნდა, დამატებითი გადასახადია მომსახურებისათვის და მძღოლისათვის, მთლიანობაში $10 დოლარამდე, რომელიც ჩემნაირად ალბათ ბევრ მომხმარებელს უღირს. სისტემა დაახლოებით Taxify-ს მაგვარია, ოღონდ ინდუსტრიაა განსხვავებული.

ასეთი მომსახურებით საქართველოშიც სიამოვნებით ვისარგებლებდი, უბრალოდ, ვერსად ვერ აღმოვაჩინე. იმედია იდეას რომელიმე წარმატებით განახორციელებთ.