top of page

როგორ შევადგინოთ კვლევაში მონაწილეობის თხოვნის იმეილი


როცა კვლევა შრომატევადი პროცესის შემდეგ წარმატებით დაიგეგმება, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. თუ თქვენს კვლევაში საჭირო დემოგრაფია ან რაოდენობა მონაწილეობას არ მიიღებს, დახარჯული დრო და რესურსები, კვლევის მეთოდოლოგიის მოფიქრება ანდაც კითხვარის დეტალების დახვეწა, წყალში იქნება გადაყრილი.

ეს რომ არ მოხდეს, ჩართულობის გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი საშუალება სასურველი ადრესატების იმეილით მიმართვაა, რომელმაც სასურველი ეფექტი დროულად უნდა მოახდინოს, “ელექტრო ურნაში” რომ არ აღმოჩნდეს.

კითხვარში მონაწილეობის თხოვნის იმეილის გამზადებისას ეს რჩევები გამოგადგებათ:

1. რეგულაციები და ეტიკეტი პირველ რიგში, სანამ იმეილს გაამზადებთ, გაარკვიეთ არის თუ არა რაიმე რეგულაცია, რომელიც ასეთ მოქმედებას აკონტროლებს ან ზღუდავს. თუ არსებობს რეგულაცია, გაეცანით, რა მოთხოვნების დაცვა ან გათვალისწინება გევალებათ. მაგალითისათვის, ბევრ ქვეყანაში არსებობს Anti-Spam Legislation, მათ შორის კანადაშიც, რომელიც შეტყობინებების დაგზავნის წესებს ადგენს და დარღვევის შემთხვევაში მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.

თუ რეგულაციები არ გზღუდავთ, ყოველთვის არსებობს ეტიკეტი, რომლის დარღვევაც ცუდად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე. ჩვენ მიერ სახელების ჩამოთვლის გარეშეც გაგახსენდებათ კომპანიები, რომლებიც თქვენი ნების საწინააღმდეგოდ უგემოვნო ტექსტური შეტყობინებებით თავს გაბეზრებენ. თქვენი კომპანიაც რომ არ მოხვდეს მათ რიცხვში, კარგი იქნება გააკონტროლოთ კომუნიკაციის სიხშირე და მისცეთ შესაძლებლობა რესპოდენტს უარი თქვას თქვენი შეტყობინებების მიღებაზე.

2. ვინაა ორგანიზატორი რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს წერილის მიმღებზე, თუ ვინ წერს მას. თუ პირი ან ორგანიზაცია კარგი რეპუტაციის მქონე და სანდოა, მეტია იმის შანსი, რომ ადრესატი იმეილს სერიოზულად მიიღებს და გაეცნობა. თუ ბუნდოვანია, ვინაა წერილის ავტორი ან კვლევის ორგანიზატორი, რთული იქნება ადრესატის ნდობის მოპოვება, ამიტომ, აუცილებელია, რომ იმეილის მიმღები ხედავდეს “from” გრაფაში, თუ ვინ უკავშირდება. ამის მოკლედ აღნიშვნა წერილშიც შეიძლება. თუ კომპანია საყოველთაოდ ცნობილი არაა, წერილს ბოლოში შესაძლებელია ერთვოდეს მოკლე ინფორმაცია კვლევის ორგანიზატორზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩანდეს საკონტაქტო პირის სახელი და პოზიცია კომპანიაში. ეს იმეილის ხელმოწერის მეშვეობით მოგვარდება.

3. სათაური თქვენ მიერ შერჩეული სათაური განსაზღვრავს თქვენი იმეილის ბედს. გაზვიადებული სიტყვების გამოყენებამ შესაძლებელია ადრესატს იმეილის გაცნობის სურვილი დაუკარგოს. თქვენი სათაური უნდა იყოს საყურადღებო, თუმცა, არა მაცდუნებელი.

4. იმეილის ტექსტის აგებულება როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს სფეროს კომუნიკაციაში მნიშვნელოვანია ტექსტი მთავარით დავიწყოთ და ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კვლევა და კვლევაში მონაწილეობის თხოვნა იქნება. ტექსტი შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული. უკეთესი ტექსტის შედგენასთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ჩანაწერი გამოქვეყნებული და გაეცანით. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ კვლევის ბმულის ჩასმა ტექსტში გამოკვეთილი CTA-თი.

5. იმეილის ვიზუალური მხარე გაამზადეთ იმეილი და შეხედეთ, რამდენადაა ის ვიზუალურად გამართული? ვიზუალური მხარე ადრესატს მოქმედებისაკენ თუ უმოქმედებისკენ, მოტივაციისა თუ ფრუსტრაციისკენ უბიძგებს?

6. რატომ შევარჩიეთ? არავინაა კმაყოფილი იმით, რომ ერთ დიდ სიაში შემთხვევით აღმოჩნდა. ასეთი იმეილი შესაძლებელია “სპამში” ადვილად მოხვდეს. აუხსენით ადრესატს რატომ უკავშირდებით, რატომ შეარჩიეთ და რატომაა მათი მონაწილეობა აუცილებელი. ეს ადრესატის კმაყოფილებას და დარწმუნებას ერთდროულად შეუწყობს ხელს.

7. კვლევის დანიშნულება თუ ადრესატმა არ იცის რას ემსახურება თქვენი კვლევა, ან ის მის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ნაკლებად ექნება მონაწილეობის სურვილი. ვთქვათ, თამბაქოს ეხება კვლევა და კვლევის მიზანია დაეხმაროს თამბაქოს ინდუსტრიას გაზარდოს მწეველთა რიცხვი. ამ შემთხვევაში არ მექნება სურვილი დაგითმოთ დრო და დაგეხმაროთ კვლევაში ჩემი მონაწილეობით. სამაგიეროდ, არ დავიშურებ რამდენიმე წუთს, თუ კვლევა მიზნად ისახავს თამბაქოს მწეველების დახმარებას, განკურნებას ან ახალგაზრდების დაცვას. აუხსენით იმეილის ადრესატს, თუ რა მიზანი აქვს თქვენს კვლევას. მოიფიქრეთ და ხაზი გაუსვით კვლევის იმ ასპექტსაც, თუ ასეთი არსებობს, რომელსაც რაიმე დადებითი ეფექტი ექნება საზოგადოებისათვის ან მისი რომელიმე ჯგუფისთვის.

8. რამდენ დროს წაიღებს სანამ კითხვარის შევსებას შევუდგები, უნდა ვიცოდე რამდენი დრო იქნება შევსებისათვის საჭირო. თუ ბევრი დროა საჭირო, კვლევის შევსებას მოსახერხებელი დროისათვის გადავდებ. ეს უმჯობესია, ვიდრე შუა კითხვარში აღმოვაჩინო, რომ იმაზე მეტი დრო მესაჭიროება, ვიდრე მეგონა და კითხვარი სამუდამოდ მივატოვო შეუვსებელი. კითხვარის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, მოკლე კითხვარი უკეთეს შედეგებს მოგიტანთ. შეძლებისდაგვარად, შეზღუდეთ კითხვების რაოდენობა.

9. დაინტერესება როცა ადრესატს დაინტერესებას გაუჩენთ, მათი კვლევაში მონაწილეობის მეტი შანსია. პირველ რიგში, ეცადეთ თავად კვლევისადმი გააღვივოთ ინტერესი. არასდროს გიპასუხიათ კითხვებზე, იმიტომ, რომ გაინტერესებდათ რა იქნებოდა ბოლოში ან რას გკითხავდნენ? ადამიანები ინტერესით ვართ სავსე, მთავარია ეს ინტერესი გაღვივდეს.

გარდა კვლევისადმი ინტერესისა, შესაძლებელია დამატებითი ინტერესიც გაუჩინოთ ადრესატს. მეტი მიიღებს მონაწილეობას კითხვარში, თუ კითხვარის ბოლოს შესაძლოა რაიმე პროდუქტის ან სერვისის მოგებული აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ, თქვენთვის არამარტო მარტივი, არამედ სასარგებლოც კი იქნება თქვენივე კომპანიის პროდუქტების ან სერვისების გათამაშება. უფრო მეტიც, რა დააკლდება თქვენს კომპანიას კვლევის ბოლოს ყველა მონაწილემ რომ მიიღოს თქვენი კომპანიის პროდუქტსა და სერვისზე რამდენიმე პროცენტიანი ფასდაკლება? ბევრი არაფერი, ეს კი ხელს შეუწყობს არამარტო კვლევის განხორციელებას, არამედ თქვენს კომპანიაში შეკვეთების რიცხვის ზრდას. გაითვალისწინეთ.

თუ რესპოტენტების დასაჩუქრებას ვერ ახერხებთ, იქნებ კვლევის შედეგების გაზიარებით შეძლოთ მათი დაინტერესება? მოიფიქრეთ, თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში რა უფრო აჯობებს.

10. ანონიმურობა და კონფიდენციალურობა მიუთითეთ, არის თუ არა პასუხები ანონიმური და კონფიდენციალური. ყოფილა შემთხვევა, როცა ორგანიზატორი ამის პირობას იძლევა, თუმცა, კითხვარში სახელს და გვარს ან იმეილს მთხოვს. … ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს. ნუ გამოიკითხავთ ისეთ დეტალებს, რომლის მეშვეობითაც კვლევა ვეღარ იქნება ანონიმური.

11. განსაზღვრეთ ვადა თუ იმეილში არ მიუთითებთ კვლევის განხორციელების ბოლო ვადას, დიდი შანსია, რომ ამ საქმეს ყველა უვადოთ გადადებს. ამიტომ, განსაზღვრეთ გონივრული ვადა.

12. მადლობა არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა გაწეული სამსახურისთვის.

გაქვთ კვლევასთან დაკავშირებული კითხვები? მოგვწერეთ.

bottom of page