top of page

რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის პირობებში


კრიზისულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ხშირად არ გვეძლევა, რადგანაც კრიზისები, განსაკუთრებით პანდემია, იშვიათი მოვლენაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ რთულ პირობებში ბიზნესის მართვაში.

ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება რა თქმა უნდა, თქვენი ბიზნესის გადარჩენისათვის გაყიდვებია მნიშვნელოვანი, თუმცა არ დაგავიწყდეთ ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე პირველ რიგში მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესების დაყენება. თუ თანამშრომლებისათვის არ შეიძენთ საჭირო დამცავ ნიღბებს, შესაძლებელია დაზოგოთ ხარჯი, თუმცა ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისათვის შესაძლებელია სასამართლომდე მივიდეს საქმე. ადამიანის, იქნება ეს თქვენი თანამშრომელი თუ მომხმარებელი, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.

გარდა მთავრობის მითითებებისა, იყავით პროაქტიულები და თავადაც მოიფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი თანამშრომლების და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული.

დისტანციური მუშაობა "ხატია კომუნიკაციაში" დიდი ხანია ვცდილობთ დისტანციური მუშაობის კულტურის შექმნას და პოპულარიზაციას, როგორც თანამშრომლებში, ასევე დამკვეთებში. პანდემიის დროს კი მუშაობის ეს სტილი აუცილებლობას წარმოადგენს. ამუშავეთ სახლიდან თანამშრომლები, რომლების სამსახურში გამოცხადება არ წარმოადგენს აბსოლიტურ აუცილებლობას. ეს იმასაც ნიშნავს, რომ შეძლებისდაგვარად მზად იყოთ შეუქმნათ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის პირობები.

ადამიანური რესურსების ნაკლებობა გაითვალისწინეთ, რომ რომელიმე თქვენი თანამშრომელი შეიძლება მოყვეს კარანტინში და ამის გამო ვერ შეძლოს სამუშაო ადგილზე გამოცხადება. შეიმუშავეთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ ადამიანური რესურსების ნაკლებობის შემთხვევაში ალტერნატიული ძალების დროულ მობილიზებაში.

კრიზისული კომუნიკაციის გეგმა თუ თქვენი კომპანია კრიზისულ სიტუაციაშია, იმედია გაქვთ კრიზისული კომუნიკაციის გეგმა, რომელსაც აამუშავებთ. თუ ასეთი ჯერ არ გაქვთ, შეგიძლიათ ახლა შეიმუშაოთ. საგანგებო სიტუაციაში კომუნიკაცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. არ დაგავიწყდეთ კომუნიკაციის წარმოება თქვენი თანამშრომლებისათვის, მომხმარებლებისათვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის. თუ დახმარება გესაჭიროებათ, მოგვმართეთ.

გაეცანით ჩვენს კრიზისული კომუნიკაციის კურსს.

საკომუნიკაციო არხები შესაძლებელია თქვენს კომპანიას უკვე აქვს შემუშავებული საკომუნიკაციო არხები როგორც თანამშრომლებისათვის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის. თუ ამაზე ზრუნვა ახლა გიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს პროექტების მართვის სხვადასხვა ონლაინ პლათფორა, რომელიც თქვენს გუნდს დაეხმარება იყვნენ ორგანიზებული. რაც შეეხება საზოგადოებასთან კომუნიკაციას, მოიფიქრეთ, განაგრძობთ ჩვეული არხებით კომუნიკაციას, თუ ახალი არხების შექმნაა აუცილებელი.

მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიწოდება როგორც პიარსააგენტო, რომელიც ონლაინ რეჟიმში ემსახურება სხვადასხვა კომპანიებს, ჩვენ კოვიდ19-სთვის კარგა ხანია მზად ვართ. თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენი კლიენტებისათვის აუცილებელია სხვადასხვა სახის ინფორმაციების მომზადება, რათა მათი მომხმარებლები იყვნენ ინფორმირებული.

მაგალითისათვის, ონლაინ მაღაზიებისათვის მნიშვნელოვანი იქნება მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებლებს გზავნილების უსაფრთხოდ მიღებაზე ან შესაძლო შეფერხებებზე. მიუხედავად იმისა, რომ გზავნილებით ვირუსის გადატანა ჯერ არ დაფიქსირებულა, "ოკეანეა" იმეილით მომხმარებლებს სთხოვს 48 საათის განმავლობაში გზავნილს არ შეეხონ. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.

თქვენმა მომხმარებელმა არ იცის თქვენი კონკრეტული კომპანია როგორ უმკლავდება პანდემიას და რა ახალი წესები მოქმედებს. ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენი მუშაობის პირობები შეახსენოთ მომხმარებლებს ყველა საშუალებით.

ახალი სერვისები

პანდემიის გამო მრავალი ბიზნესი ნახულობს ზარალს. ის განსაკუთრებით შეეხო ტურიზმის და მომსახურების სექტორს. დინამიური კომპანიები ახალ პირობებს მალევე ერგებიან. თუ თქვენს კომპანიას მომხმარებლების პულსი ესმით, უკვე იცით, თქვენს მომხმარებლებს რა ახალი საჭიროებები აქვთ.

კანადაში ბევრი ონლაინ მაღაზიის გაყიდვები 100%-ზე მეტით გაიზარდა. განსაკუთრებული მოთხოვნა შეინიშნა საკვებ ობიექტებსა და სხვადასხვა ინტერესებზე მორგებულ კომპანიებზე. სამაგიეროდ, დიდი მატება არ შეინიშნება ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვებში. ეს ფაქტიურად ნათელიცაა. სახლში ყოფნისას შეგვიძლია ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ იმ სამოსით, რაც უკვე გვაქვს, სამაგიეროდ, ყოველდღიურად გვჭირდება კვება და ამდენი დროის რაიმე ინტერესით დაკმაყოფილება, როგორიცაა კითხვა, ხატვა და ა.შ.

იფიქრეთ, შეგიძლიათ თუ არა სიტუაციასთან ადაპტირება, სერვისის ან პროდუქციის დამატება, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა თქვენს ბიზნესს გაზრდის? იფიქრეთ, როგორც მომხმარებელმა. რა არის ახლა მათთვის საჭირო და გამოსადეგი? შესთავაზეთ. მაგალითისათვის, როგორც მომხმარებლები, იძულებული ვართ შევიძინოთ მაღაზიებისგან, რომლებიც პროდუქციის სახლში მოწოდებას ახერხებენ, მაშინ როცა უბნის მაღაზიები კანადაში დიდ ზარალს განიცდიან.

მომწოდებლები ბიზნესისათვის მომხმარებლებივით მნიშვნელოვანია მომწოდებელიც. გადაამოწმეთ შეძლებენ თუ არა ისინი პროდუქციისა და სერვისის დროულ მოწოდებას. გაარკვიეთ, არსებობს თუ არა რაიმე ბარიერი. თქვენი ბიზნესის წარმატება, თქვენს მომწოდებლებზეცაა დამოკიდებული.

უსაფრთხოების შიდაგანაწესი ყველა კომპანიაში არსებობს უსაფრთხოებისათვის მიძღვნილი შიდაგანაწესი, რომელიც მინიმუმ კანონიერ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. გადახედეთ განაწესს და გააახლეთ ის ამ ახალი მდგომარეობის გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ თქვენი ყოველი გადაწყვეტილება და ნაბიჯი შეიძლება გახდეს მტკიცებულება მოულოდნელ გარემოებებში.

ხარჯების შემცირება თუ თქვენი ბიზნესი ზარალს განიცდის, გაითვალისწინეთ, შეძლებთ თუ არა რაიმე ხარჯების სრულად შემცირებას ან დროებით შეჩერებას. გაიარეთ ხარჯები თქვენს ბუღალტერთან ერთად და ნახეთ, რა არის შესაძლებელი. დაუკავშირდით კომპანიებს და პირებს, რომლებთანაც თანამშრომლობთ შესაძლო შეღავათების გამოვლენის მიზნით.

სხვა შეღავათები გაეცანით რა შეღავათები არსებობს, ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდამ, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. გარდა ხარჯების შემცირებისა და დაფინანსებისა, გაეცანით თუ არის მოთხოვნა რაიმე პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც თქვენ და თქვენი გუნდი შეძლებდით.

წარმატებებს გისურვებთ. გაქვთ კითხვები ან დაამატებდით რამეს? დაგვიკავშირდით.

bottom of page